პარიზის ოლიმპიური თამაშების წინ, დღეს, ბუქარესტში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეჯიბრი დაიწყო. ბოლო, „მოსამზადებელი" ტურნირი სალიცენზიო შეჯიბრამდე . ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში საქართველო 10 სპორტსმენით არის წარმოდგენილი, თუმცა, პირველ დღეს, მხოლოდ ხუთმა მათგანმა ნუგზარ წურწუმიამ (55 კგ); ლერი აბულაძემ (63 კგ); იური ლომაძემ (77 კგ) ; აჩიკო ბოლქვაძემ (87 კგ) და იაკობ ქაჯაიამ (130 კგ) აიღეს სტარტი.
დღის ბოლოს გაირკვა, რომ მათგან მხოლოდ ორი, ნუგზარ წურწუმია და იაკობ ქაჯაია გააგრძელებენ მედლებისთვის ასპარეზობას, თუმცა, ისიც მხოლოდ ბრინჯაოსთვის. ლერი აბულაძე (63 კგ), რომელსაც კარგი შანსი ჰქონდა ზედიზედ მესამე ევროპული ოქროსთვის ებრძოლა ასპარეზობას 1/4 ფინალიდან გამოეთიშა. ისევე, როგორც აჩიკო ბოლქვაძე (87 კგ) დამარცხდა 1/4 ფინალში. რაც შეეხება იური ლომაძეს (77 კგ) ის, 1/8 ფინალიდან გამოაკლდა ასპარეზობას.
დღის ბოლოს 1/2 ფინალში, ნუგზარ წურწუმია აზერბაიჯანელ რაშად მამადოვთან 5-1 დამარცხდა და მხოლოდ ბრინჯაოს მედლისთვის იასპარეზებს. მისი მეტოქე ტურნირის მასპინძელი 21 წლის დენის ფლორინ მიჰაი იქნება.
რეპეშაჟის ფინალში იჭდავებს იაკობ ქაჯაია, რომელიც 1/2 ფინალში, სერგეი სიმონოვთან (AIN) 2-1 დამარცხდა.
სხვათა შორის იაკობის წონაში, 1/2 იჭიდავა აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე ბექა კანდელაკმა, რომელიც ქაჯაიას მსგავსად დამარცხდა, ამ წონის ფავორიტთან, თურქეთის წარმომადგენელ რიზა ქაიაალფთან და დღეს, მესამე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.
და ბოლოს, სტატისტიკის მოყვარულთათვის - 1968 წლიდან მოყოლებული ევროპის ჩემპიონატებზე ქართველებს სულ 75 მედალი აქვთ მოპოვებული, მათ შორის 18 ოქრო, 23 ვერცხლი და 34 ბრინჯაო.
ფოტო: ჭიდაობის ფედერაციის