სფფ-ს ოფიციალური ვებ გვერდის ცნობით, ქართველი მსაჯები ახალი საფეხბურთო სეზონისთვის მზადებას აგრძელებენ. 11 თებერვალს, ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში", სფფ-ის მსაჯთა დეპარტამენტის ორგანიზებით ელიტ კატეგორიის მსაჯთა შეკრება დაიწყო.
„დღეს, ახალი სეზონისთვის მზადების მეორე ეტაპი დავიწყეთ. მოსამზადებელი ეტაპი, ერთი თვის წინ დავიწყეთ, როდესაც მსაჯებმა ფიზმომზადების დეპარტამენტისგან მიღებული ინდივიდუალური პროგრამით დაიწყეს ვარჯიში. დღევანდელი დღე, სწორედ ფიტნეს ტესტით დაიწყო და შედეგებით კმაყოფილები ვართ,"- ამბობს ჯუნეთ ჩაქირი სფფ-ს მსაჯთა განყოფილების ხელმძღვანელი, სფფ-ს ვებ-გვერდისთვის გაკეთებულ კომენტარში.
შეკრება, რომლის დროსაც ქართველი მსაჯები ჩააბარებენ ნორმატივებს, გაეცნობიან თამაშის წესების სიახლეებსა და VAR სიმულაციებში მიიღებენ მონაწილეობას. საერთო ჯამში, ბათუმური შეკრება, როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული კურსისგან შედგება. ჯუნეთ ჩაქირის გარდა სემინარებში ფიფა-სა და უეფა-ს ინსტრუქტორებიც მონაწილეობენ.
„შეკრებაზე ელიტ კატეგორიის მსაჯები და ასისტენტები, ასევე ფიფა-ს ქალი მსაჯები და მეორე კატეგორიის ხუთი მსაჯი გვყავს მოწვეული. ჩვენი მიზანია, მივაღწიოთ თანმიმდევრობას და ერთგვაროვნებას ახალ სეზონში. ბევრ მნიშვნელოვან საკითხს და გამოწვევას განვიხილავთ - ხელით თამაში, თამაშის წესის დარღვევა საჯარიმოში, თამაშგარე მდგომარეობა, ტაქტიკური ჯარიმები. გვექნება ჯგუფური და ღია დისკუსიები. მოგვიანებით, გადავინაცვლებთ საფეხბურთო მოედანზე, სადაც პრაქტიკული სამუშაოები გვექნება ფეხბურთელების და VAR-ის ჩართულობით. ეს ნამდვილად დაგვეხმარება, რათა სეზონის დაწყებას უმაღლეს დონეზე მომზადებულები შევხვდეთ", - ამბობს ჩაქირი.
კიდევ ერთი ნიუანსი ამ შეკრებიდან - 2024 წლისთვის საერთაშორისო კატეგორიის ქართველ მსაჯებს, შესაბამისი სამკერდე ნიშნები გადაეცათ.
ფოტო: სფფ / ლაშა კუპრაშვილი