იტალიის სერია A-ს მე-20 ტურში თორნიკე შენგელიას ვირტუსმა სკაფატის უმასპინძლა და მეტოქე დამაჯერებელი სხვაობით, 94-67 დაამარცხეს.
საქართველოს ნაკრების ფორვარდი ბოლონიელთა სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 25 წუთში 8 ქულის, 4 მოხსნისა, 7 პასის, 1 დაფარებისა და 1 ჩაჭრის დაგროვება მოახერხა. თორნიკემ 6-დან 2 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო.
ვირტუს ბოლონია მეტოქეს პირველივე მეოთხედში 10 ქულით გაექცა. დიდ შესვენებამდე სკაფატიმ სხვაობა 8 ქულამდე შეამცირა, მაგრამ ბოლო პერიოდის დაწყებამდე შენგელიას გუნდი 16 ქულით გავიდა წინ და მატჩის ბედიც გადაწყვიტა.
20 შეხვედრაში ვირტუსს 15 მოგება და 5 მარცხი აქვს და ცხრილის სათავეში ბრეშასთან ერთად იმყოფება. მომდევნო მატჩს შენგელიას გუნდი იტალიის ლიგის თასზე 15 თებერვალს გამართავს.
ფოტო: (c )Virtus Segafredo Bologna