სანდრო ბაზაძემ ოლიმპიურ ლიცენზიამდე ერთი ნაბიჯით წაიწია
სანდრო ბაზაძემ ოლიმპიურ ლიცენზიამდე ერთი ნაბიჯით წაიწია
10.02.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

„სამწუხაროდ თუ, საბედნიეროდ, ბრინჯაოს მედალი მოვიპოვე. ჩემი აზრით ნორმალურია, რადგან ოლიმპიურ ლიცენზიას ძალიან მივუახლოვდი. მიზანი ეს იყო, მთავარი მიზანი ოლიმპიური თამაშებია. მინდოდა მოგება, მაგრამ... დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივარს, რომელსაც დიდ სიურპრიზს ვუმზადებ და გემრიელად მინდა გავახარო ისინი",  - ამბობს სანდრო ბაზაძე დღეს თბილისში მიმდინარე მსოფლიო თასის ეტაპის დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ, სადაც ქართველმა 1/2 ფინალში ირანელ ალი პაკდამანთან დაძაბულ პაექრობაში 15-13 წააგო და ფინალში გასვლა ვერ მოახერხა. შესაბამისად, მესამე ადგილს დასჯერდა.

საქართველოს ფარიკაობის ფედერაციაში არ მალავენ, რომ სანდრო ბაზაძისგან პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე, რომლის დაწყებამდე სულ ცოტა დრო რჩება და ქართველ მოფარიკავესაც სულ ცოტა აკლია ოლიმპიური ლიცენზიის მოსაპოვებლად, ოქროს მედალს ელიან.


მსოფლიო რეიტინგის ნომერმა პირველმა ქართველმა ლიდერმა, ხმლით მოფარიკავეთა პირად პირველობაზე, ჯერ ჰონგკონგელი ჰოი ჩუნ ჩანგი დაამარცხა (15-3), შემდეგ კორეელები - ჯუნგჰვან კიმი (15-6) და ბონგილ გუ (15-8). მოუგო ფრანგ სებასტიან პატრისსაც (15-13), მაგრამ ნახევარფინალში ირანელ ალი პაკდამანთან 13-15 დამარცხდა და კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ავიდა. ფარიკაობის მოყვარულებს შევახსენებთ, რომ 2022 წელს, თბილისში გამართულ მსოფლიო თასის  ეტაპზე სანდრო ბაზაძე ოქროს მედლის მფლობელი გახდა.


თუმცა, ამჯერად, ოქრო უნგრეთის წარმომადგენელ არონ სილაგის ხვდა, რომელმაც ფინალში ირანელი ალი პაკდამანი დაამარცხა.  სანდროსთან ერთად, თბილისური ტურნირის მესამე ადგილოსანი იტალიელი ლუიჯი სამელე გახდა.


დღევანდელი დღის ფინალური ბლოკის ფოტო-ამბავი


ხვალ, სპორტის სასახლეში ხმლით მოფარიკავეთა მსოფლიო თასზე გუნდური შეჯიბრი გაიმართება, რომელშიც 22 გუნდი მიიღებს მონაწილეობას.


საქართველოს ნაკრები პირველ შეხვედრას, 10:00 ჰონ კონგის ნაკრებთან ჩაატარებს.