WADA პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ნეიტრალურის სტატუსის მქონე სპორტსმენთა მცირერიცხოვან გუნდს ელოდება
WADA პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ნეიტრალურის სტატუსის მქონე სპორტსმენთა მცირერიცხოვან გუნდს ელოდება
10.02.2024
ავტორი: ოლიმპიური კომიტეტი

მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) ხელმძღვანელი ვიტოლდ ბანკა მოელის, რომ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ნეიტრალურის სტატუსით სპორტსმენთა მცირერიცხოვანი გუნდი იასპარეზებს.


„პარიზში ეგრეთ წოდებულ ნეიტრალურ სპორტსმენთა მცირერიცხოვან გუნდს უნდა ველოდოთ. საკითხავია, საერთოდ მონაწილეობას მიიღებენ თუ არა პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე იმის გათვალისწინებით, რომ რუსები ბოიკოტს უცხადებენ იმ პირობებს, ნეიტრალობის იმ მოთხოვნებს, რომელიც საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა შესთავაზა. ვფიქრობ, პარიზში სპორტსმენთა ვიწრო წრე იასპარეზებს, ის ათლეტები, რომლებიც IOC-ის მკაცრ  მოთხოვნებს შეესაბამებიან," - განაცხადა ვიტოლდ ბანკამ.


შარშან, 8 დეკემბერს საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა პარიზის თამაშებზე გარკვეული მოთხოვნების დაცვით, ინდივიდუალური ნეიტრალური სტატუსით რუსი და ბელარუსი სპორტსმენების დაშვებაზე გადაწყვეტილება მიიღო. IOC-ის აღმასრულებელი საბჭოს მოთხოვნის  თანახმად, ნეიტრალურმა სპორტსმენებმა და მათმა თანმხლებმა პირებმა, თავი უნდა შეიკავონ ნებისმიერი მოქმედებისგან,  რომელიც დაკავშირებული იქნება ეროვნულ დროშასთან, ჰიმნთან, ემბლემასთან, ეროვნულ  ფედერაციასთან ან ოლიმპიურ კომიტეტთან, რუსეთის ფედერაციის და ბელარუსის რესპუბლიკის ნებისმიერ სიმბოლოსთან. ასევე ნებისმიერ ოფიციალურ ღონისძიებაზე ან მედიაში, ოლიმპიურ  თამაშებამდე, თამაშებისას ან მის მერე მათ თავი უნდა შეიკავონ რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის მხარდაჭერისგან.


პარიზი XXXIII ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს 26 ივლისი - 11 აგვისტოს ჩათვლით.