დღეს, ყველაზე მთავარი მარტის თამაშებია
დღეს, ყველაზე მთავარი მარტის თამაშებია
09.02.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს საღამოს პარიზში, საქართველოს ეროვნული ნაკრების ჯგუფი გაირკვა ერთა ლიგის რიგით მეოთხე გათამაშებაზე, რომელიც 2024-2025 წლების სეზონზე გაიმართება. საქართველო, რომელიც B დივიზიონში იასპარეზებს, ჩეხეთის, უკრაინის, ალბანეთის გუნდებთან ერთდ მოხვდა. წილისყრის შედეგები, ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლიმ და სფფ-ს ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა შეაფასეს.


„რამდენიმე წლის წინ საქართველოს ნაკრები D ლიგაში თამაშობდა, ახლა კი, B ლიგის გუნდია, რაც აჩვენებს, რომ ქართული ფეხბურთი კარგ გზაზეა. მოუთმენლად ველით კარგ გუნდებთან დაპირისპირებას. რთული ჯგუფი იქნება, თუმცა, სწორედ ასეთ მატჩებში ვსწავლობთ. გვინდა, რომ ეს სწრაფად მოხდეს, რათა სწრაფად გავხდეთ კიდევ უფრო უკეთესი გუნდი.


მარტის ფლეი-ოფის წინ მნიშვნელოვანია ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებთან ჩასვლა, მათთან საუბარი და მათი თამაშების ნახვა. მნიშვნელოვანია ახლო კავშირის შენარჩუნება, რადგან ვიცოდეთ, თუ რას გრძნობენ ისინი ახლა. ფლეი-ოფამდე კიდევ მაქვს დრო, რომ უფრო მეტი ფეხბურთელი, უფრო მეტი თამაში  ვნახო. საბოლოო ჯამში ლუქსემბურგთან ჩვენი შესაძლებლობები მაქსიმალურად უნდა წარმოვაჩინოთ", - ამბობს ვილი სანიოლი.




„ძალიან მნიშვნელოვანი იყო C ლიგაში გამარჯვება და B ლიგაში გადასვლა, თუმცა, დღეს ყველაზე მთავარი, რა თქმა უნდა, მარტის ფლეი-ოფის თამაშებია, რაზეც მთელი ყურადღება გვაქვს გადატანილი. რაც შეეხება ერთა ლიგის ჯგუფს - საინტერესო გუნდებით დაკომპლექტებული ძლიერი ჯგუფია. ჩვენი მიზანი ყოველთვის წარმატების მიღწევა და თამაშიდან თამაშზე ფიქრია. თუმცა, ახლა მთავარი მარტია და B ლიგის თამაშებზე ფიქრს მოგვიანებით დავიწყებთ",  - ამბობს ალექსანდრე იაშვილი.




აქვე გეტყვით, რომ უეფა-ს ერთა ლიგის წილისყრამდე პარიზში, ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა აღმასრულებელი კომიტეტის წევრის რანგში ლევან კობიაშვილმა მიიღო. საფრანგეთის დედაქალაქმა ასევე უმასპინძლა უეფას 48-ე კონგრესს, რომლის მუშაობაშიც სფფ-ის გენერალური მდივანი, დავით მუჯირი და ვიცე-პრეზიდენტები - კახა ჭუმბურიძე და ალექსანდრე იაშვილი მონაწილეობდნენ.