დღეს არენა 2-ზე ქალთა ლიგის 2023-2024 წლების გათამაშება დასრულდა ფუტსალის ქალთა ლიგაში. ტურნირში, რომელმაც სტარტის 2023 წლის დეკემბერში აიღო 8 გუნდმა („კვარტალი", „ნორჩი დინამო", „ელიტა", „ახალგორი", „ფენიქსი", „თეთრიწყარო", „ზარზმა" და გაგრის „დინამო") დაიწყო ასპარეზობა. მომდევნო ეტაპზე გასასვლელად გუნდებმა ერთ წრედ ურთიერთშეხვედრებში ის ოთხო საუკეთესო გამოავლინეს, რომლებმაც უკვე ნახევარფინალურ ეტაპზე გადაინაცვლეს.
გათამაშების ამ ეტაპზე, უკვე პირველი ადგილით „ნორჩი დინამო" მეოთხე ადგილოსან „ელიტას" შეხვდა, ხოლო მეორე ნახევარფინალურ წყვილში, მეორე ადგილზე გასული გაგრის „დინამო", „ახალგორს" დაუპირისპირდა. საბოლოოდ, ფინალში გასვლა „ნორჩი დინამოსა" და გაგრის „დინამოს" გუნდებმა მოახერხეს.
საკმაოდ საინტერესო ფინალური მატჩის ძირითადი დრო ფრედ, 4-4 დასრულდა. ნორჩ დინამოელთაგან 2-2 გოლი ანანო წიქარიძემ და ანი მინაძემ გაიტანეს. ორი გოლი გაიტანა გაგრელთაგანაც მეგი ეჯიბიამ. თითო ანასტასია ბოლქვაძისა და გვანცა ქადაგიშვილის ანგარიშზეა. თუმცა, სწორედ გვანცას გატანილი გოლის წყალობით, დამატებით დროში, „დინამომ", „ნორჩი დინამო" დაამარცხა (4-5) და ქალთა ლიგის პირველი გათამაშების გამარჯვებული გახდა.
ქალთა ფეხბურთის მოყვარულებს შევახსენებთ, რომ ერთი წლით ადრე, ქალთა ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით, ქალთა შორის ზამთრის თასის გათამაშება ჩატარდა. ამჯერად კი, ტურნირმა ლიგის დატვირთვა შეიძინა და ის, მომავალში კვლავ გაიმართება.
ფინალურ მატჩს, საქართველოს ფუტსალის ასოციაციის პრეზიდენტი და ქალთა საფეხბურთო ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ირის ანტმანი ესწრებოდნენ. მათ ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ, ტურნირის გამორჩეული მოთამაშეები დააჯილდოვეს.
საუკეთესო ფეხბურთელი - ანანო წიქარიძე („ნორჩი დინამო")
ბომბარდირი - ანასტასია ბოლქვაძე, 24 გოლით („დინამო" გაგრა)
საუკეთესო მეკარე - სალომე ხაჭაპურიძე („ნორჩი დინამო")
მცველი - ელიზაბეტ რიჟამაძე („კვარტალი")
უნივერსალი - მეგი ეჯიბია („დინამო" გაგრა)
თავდამსხმელი - ანანო წიქარიძე („ნორჩი დინამო")
საუკეთესო მწვრთნელი - დავით თაქთაქიშვილი („დინამო" გაგრა)
ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია