ფუტსალის ნაკრებმა მეორე შეხვედრაც მოიგო
ფუტსალის ნაკრებმა მეორე შეხვედრაც მოიგო
07.02.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

რუმინეთის ნაკრების წინააღმდეგ, ორრაუნდიანი დაპირისპირების შემდეგ, ავთანდილ ასათიანმა TSFF.Ge-სთან აღნიშნა, რომ მისმა გუნდმა ამ ორი სპარინგისთვის დასახული გეგმის მხოლოდ 60%-მდე შეასრულა. რუმინეთთან მეორე სპარინგიც ქართულმა გუნდმა, იდენტური ანგარიშით, 4-2 მოიგო (მატჩის სტატისტიკა და შემადგენლობა).

„სიმბოლური თამაში იყო. ამ ფორმაციის ნაკრებისთვის 50-ე მოგება იყო, რაც, მართლა სასიხარულოა რადგან ეს განწყობა უკვე ბიჭებზეც გადადის. გამარჯვებულის მენტალიტეტი კი, დეკემბრის თამაშებში აუცილებლად გამოგვადგება. მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ბიჭებს, რადგან ყველანაირად ეცადნენ ის დავალებები რაც ჰქონდათ შეესრულებინათ. რაღაცეები გამოვიდა, რაღაცეები ვერ გამოვიდა, რაზეც აუცილებლად სამუშაო იქნება. ცოცხალი პროცესია, ბევრი მოთამაშის გასინჯვა მინდა, რაც უკვე, შემდეგ ამხანაგურ თამაშებში მოხდება და ვფიქრობ, დეკემბერში უნდა ვიყოთ, 100% მზად იმისთვის, რომ კითხვის ნიშნები აღარ იყოს საჭირო",  - ამბობს ავთანდილ ასათიანი, საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი.


მეორე თამაშის შემდეგ, ასათიანს, 77 ნომრით მოთამაშე ჯანო კვარაცხელიაზეც ვკითხეთ, რომელსაც საქართველოს ფუტსალის ნაკრებში დებიუტი ჰქონდა და რომლის თამაშიც, დღეს უფრო თავისუფალი და კონცენტრირებული იყო. როგორც ჩანს კვარაცხელია „აკლიმატიზაციას" მალე გაივლის. დღევანდელ შეხვედრაში, ასათიანმა სათამაშო დრო, იმ ფეხბურთელებსაც მისცა, რომლებსაც გუშინ თამაში არ მოუწიათ. მატჩის საუკეთესო კი, ჩვენი აზრით, თორნიკე ბუკია იყო, რომლის „სეივებმაც" საქართველოს ნაკრებს დღეს მოდუნების საშუალება არ მისცა.


შეხვედრაში ანგარიში სტუმრებმა 07'58" წუთზე, იშტვან ჰოდნოდის გოლით გახსნეს. თუმცა, ძალიან მალევე, 10'32" წუთზე გიორგი ჩიმაკაძის საპასუხო გოლი გაიტანა. ტაიმის მიწურულს კი, ჯანიკო გიორგაიას და გიორგი ღავთაძის გოლების წყალობით შესვენებაზე ორბურთიანი უპირატესობით გავედით. რუმინეთის ნაკრებმა, მეორე ტაიმიც აქტიურად დაიწყო და კვლავ საწყის წუთებზე,  მატეი ბოშნიაგამ (24'12") ანგარიშის ერთ გოლამდე შემცირება მოახერხა.  კიდევ ოთხ წუთში  ირაკლი თოდუამ მოახერხა გატანა და როგორც აღმოჩნდა, საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ ქართული გულის 3 გოლი რონინიოს გადაცემის შემდეგ გავიდა.


„ეს ორო თამაში დეკემბრის თამაშებისთვის მოსამზადებლად იყო. მწვრთნელს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, ნახოს ის ფეხბურთელები ვისაც ნაკრებში თამაშის შანსი უნდა ჰქონდეს. ეს ორი თამაში დადებითად ჩავამთავრეთ, ორივეში გავიმარჯვეთ. რუმინეთი არის ძალიან კარგი ნაკრები და ვფიქრობ, ჩვენზე ოდნავ მეტი გამოცდილება აქვთ, ნატურალიზებული ფეხბურთელების ხარჯზე. ასევე ვფიქრობ, რომ დღეს ვისაც მიეცა ჩვენთან თამაშის საშუალება ნელ-ნელა მოუმატებენ და ერთად გაცილებით ძლიერი ძალა ვიქნებით",  - ამბობს გიორგი ღავთაძე, საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერია.


აქვე შეგახსენებთ, რომ 6 და 7 თებერვალს რუმინეთის წინააღმდეგ ჩატარებული სპარინგებით, საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2026 წლის ჩემპიონატისთვის დაიწყო მზადება. მიმდინარე წლის დეკემბრამდე, ავთანდილ ასათიანის გუნდი კიდევ 6 სპარინგს გამართავს. დეკემბერში კი, მეინ რაუნდიდან, გათამაშების მომდევნო ეტაპზე გასვლას შეეცდება, ქართული გუნდით, ნატურალიზებული ლეგიონერების გარეშე, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე, ეს მოცემულობაა.


მატჩის ფოტო-ამბავი / რედაქტირებულია 8 თებერვალს