„ავფრინდით დილის 08:30 საათზე, სიმაღლე ავკრიფეთ და კურსზე ვართ", - ეს არის ერთ -ერთი ბოლო ჩანაწერი, რომელიც რევაზ უთურგაურმა სოციალური ქსელით დღეს გააკეთა. უფრო ადრინდელ პოსტში ქართველი მფრინავი მათ, ვისაც პირდაპირ რეჟიმში ჰქონდა სურვილი ფრენისთვის თვალი მიედევნებინა, დაწვრილებით უხსნიდა, თუ როგორ შეიძლებოდა ამის გაკეთება. „მთლიან საქართველოს უნდა გადავუფრინო საჰაერო ბურთით. ეს აქამდე არავის გაუკეთებია. ეს უნდა იყოს რეკორდული ფრენა", - ესეც, რევაზ უთურგაურის ერთ-ერთი ბოლო ჩანაწერიდან არის ამონარიდი. რევაზ უთურგაურს 3 იანვარს 70 წელის შეუსრულდა, შესაბამისად, ის ერთ-ერთი უხუცესი იყო სპორტის ამ სახეობაში.
ფოთში, აფრენილი საჰაერო ბურთი, ერთ-ერთი წყაროს მიხედვით, ბოლოს ბაკურიანის მიდამოებში შენიშნეს. მოგვიანებით კი, ასურეთში მომხდარმა ტრაგედიამ, ჯერ მხოლოდ შოკში ჩააგდო, ქართული მედია, რომელის წარმომადგენელიც, ტელეკომპანია „იმედი" ოპერატორი მიშო ბიძინაშვვილი ემსხვერპლა.
ტელეკომპანია „იმედის" ინფორმაციით, „ის, გადაღებაზე იმყოფებოდა და სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, როდესაც ასურეთში საჰაერო ბურთი, მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზს შეეჯახა და ჩამოვარდა. „იმედის კვირის" ოპერატორი, საჰაერო ბურთში იმყოფებოდა. ასევე დაღუპულია მასთან ერთად მყოფი, ორი ადამიანი".
ცნობილი ხდება, რომ საჰაერო ბურთში, რომელიც ფოთის ცენტრალური სტადიონიდან დღეს დილით აფრინდა სამი ადამიანი იმყოფებოდა. მიშოს, ამ ფრენის ვიდეო გადაღება უნდა ეწარმოებინა და თავის მხრივ ორ მფრინავის, რევაზ უთურგაურსა („სქაი თრეველის" დამფუძნებელი და დირექტორი) და პოლონელი კრჟიშტოფ ზაპარტს მოგზაურობა აღებეჭდა. მფრინავების წყვილი, საჰაერო ბურთით ყველაზე დიდ მანძილზე გაფრენაში მსოფლიო რეკორდის დამყარებამდე, საცდელი ფრენას ასრულებდნენ. საფრენი აპარატით, ისინი ფოთიდან კახეთის მიმართულებით მიფრინავდნენ.
ალბათ, ტრაგედიის მიზეზებს, მათ შორის ამინდის პროგნოზის სწორ გათვლებზე დაზუსტებული დასკვნები მოგვიანებით დაიდება. მანამდე კი, სამოქალაქო ავიაციის სააგენტო აცხადებს, რომ „მიმდინარე წლის 7 თებერვალს, სოფელ ასურეთთან მომხდარ საავიაციო შემთხვევასთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ Cameron Balloons Z-315 ტიპის სითბური აეროსტატი ასრულებდა ფრენას ფოთიდან ვაშლოვანის ეროვნული პარკის მიმართულებით, რის თაობაზეც ქვეყნის შიდა ფრენებისთვის დადგენილი მოთხოვნების (ICAO-ს საერთაშორისო სტანდარტი) შესაბამისად, მფრინავის მიერ წარდგენილ იქნა საფრენოსნო გეგმა შესაბამის უწყებაში. აეროსტატზე, იმყოფებოდა 3 ადამიანი.
დიდ ბრიტანეთში წარმოებული სითბური აეროსტატი Cameron Balloons Z-315 2022 წელს არის გამოშვებული და ამავე წელს დარეგისტრირდა საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში (სარეგისტრაციო ნომერი 4L-BAV).
აეროსტატს მართავდნენ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს და პოლონეთის რესპუბლიკის საავიაციო ხელისუფლების მიერ სერტიფიცირებული მფრინავები. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, აეროსტატზე ჩატარებული იყო ყველა საჭირო შემოწმება.
საავიაციო შემთხვევის მოკვლევას აწარმოებს სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ბიურო. მოკვლევის ამ ეტაპზე, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო არ არის უფლებამოსილი გაასაჯაროოს საავიაციო შემთხვევასთან დაკავშირებული სხვა დეტალები", - ნათქვამია განცხადებაში.
უკვე მას შემდეგ, რაც ტრაგედია ინტერნეტში შევეცადეთ მოგვეძიებინა საჰაერო ბურთების ინციდენტების შესახებ ინფორმაცია. როგორც ირკვევა, „საერთო ჯამში, ეს უსაფრთხო სპორტის სახეობაა, თუმცა, მფრინავები ვალდებულნი არიან გათვალონ შესაძლებლობების ზღვარი და რისკები, რომლებიც შესაძლოა ტრაგედიით დასრულდეს", ეს არის balloonfiesta.com-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატიიდან ამონარიდი. „ბალუნფიესტასი", რომლის ერთ-ერთი გამოშვების მონაწილეც დღეს, ასურეთში დაღუპული პოლონელი პილოტი იყო. 2023 წლის 10 ოქტომბერს, The Dallas Morning News-მა გამოაქვეყნა შემდეგი ხასიათის ცნობა: „საჰაერო ბურთების საერთაშორისო შეჯიბრის დროს, მაშ შემდეგ რაც საჰაერო ბურთი, კაუფმანის ოლქში, მაღალი ძაბვის ბოძს შეეჯახა აალდა. ორი პოლონელი პილოტი, კრჟიშტოფ ზაპარტი და პიოტორ ჰალასი ხანძრის შედეგად დაშავდნენ და დალასის Parkland Memorial Hospital-ში გადაიყვანეს სამკურნალოდ". პოლონელი მფრინავების წყვილი იყო 17-დან ერთ-ერთი, რომელიც Gordon Bennett Gas Balloon Race-ის 66-ე რბოლაში მონაწილეობდა. ამ შემთხვევიდან დაახლოებით 5 თვის შემდეგ, კრჟიშტოფ ზაპარტს აღარ გაუმართლა.
ჩვენი გვერდი სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახებს და ტელეკომპანია „იმედს".
სტატიაში გამოყენებულია ფოტოები რამაზ უთურგაურის სოციალური ქსელიდან, ასევე ambebi.ge-ს ფოტო