შერმადინის ტენერიფემ ბელგრადში იერუსალიმის ჰაპოელთან წააგო
შერმადინის ტენერიფემ ბელგრადში იერუსალიმის ჰაპოელთან წააგო
08.02.2024
ავტორი: კალათბურთის ფედერაცია / ირაკლი პერტაია

გიორგი შერმადინის ლენოვო ტენერიფენ ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგაში მარცხი განიცადა. შერმადინს თავი არ შეურცხვენია და ტენერიფელთაგან ერთ-ერთი საუკეთესოც იყო, თუმცა გუნდმა თამაში ჩააგდო. ნომინალურმა მასპინძელმა - ჰაიერუსალიმის ჰაპოელმა შეხვედრა 85-61 მოიგო. 

ისრაელში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტის გამო ებრაული გუნდები საშინაო მატჩებს ევროპაში თამაშობენ. ამიტომაც, ჰაპოელმა ტენერიფეს სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში უმასპინძლა, სადაც მატჩს საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი, სერბი სპეციალისტი, ალეკსანდარ ჯიკიჩი დაესწრო. ჯიკიჩი სწორედ იერუსალიმის ჰაპოელის მწვრთნელი იყო, სანამ იანვრის დასაწყისში ებრაულ გუნდს დატოვებდა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ჩაიბარებდა.


შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 23:51 წუთში 12 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 7-დან 5 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. მისმა სარგებლიანობის ინდექსმა 18 შეადგინა და ამ შედეგით ის თავის გუნდში მხოლოდ ამერიკელ კაილი გაის ჩამორჩა. ამ უკანასკნელმა თავი 29 ქულას მოუყარა. ტენერიფელთაგან სხვას არავის ჩაუგდია 4 ქულაზე მეტი.


2 მოგებითა და 1 მარცხით ტენერიფე ჩემპიონთა ლიგის მე-2 ჯგუფურ ეტაპზე თავის ჯგუფში მე-2 ადგილზეა. პირველზე 3-დან 3 მოგების მქონე ჰაპოელია. მომდევნო მატჩს ტენერიფე კვლავ ჰაპოელთან, ესპანეთში, 6 მარტს გამართავს.

 

 

ფოტო: (c) Club Baloncesto 1939 Canarias