ფლეი-ოფების შემდეგ, დარჩენილი სამი გუნდიც „დასცემს“ ბანაკს
ფლეი-ოფების შემდეგ, დარჩენილი სამი გუნდიც „დასცემს“ ბანაკს
07.02.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

გერმანია ევრო 2024 წლის ფინალური ეტაპის მოსამზადებელ ფაზაში აქტიურად შევიდა. რამდენიმე დღის წინ, ფეხბურთის ევროპის სახლმა, ევროს მასპინძელ გერმანიასთან ერთად იმ ქალაქების ნუსხა გამოაქვეყნა, სადაც 2 დეკემბერს, ჰამბურგში გამართული წილისყრის შედეგად, საფეხბურთო ჩემპიონატში მონაწილე 20 ქვეყანა და პლუს მასპინძელი გერმანია დაბანაკდებიან მატჩებს შორის. აქვე გეტყვით, რომ ევროზე, რომელიც ოფიციალურად სტარტს 14 ივნისს მიუნჰენში აიღებს, სამი საგზურის მფლობელის ვინაობა ჯერ ისევ უცნობია. ამ სამი საგზურიდან ერთ-ერთის მოგება კი, საქართველოს ნაკრებსაც შეუძლია, თუკი, მარტში დაგეგმილ ორ შეხვედრას წარმატებით გაართმევს თავს.

ალბანეთი - კამენი / Kamen

ავსტრია - ბერლინი / Berlin

ბელგია - ლუდვიგსბურგი / Ludwigsburg

ხორვატია -  ნოირუპინი / Neuruppin

ჩეხეთი - ნორდერშტედტი / Norderstedt

დანია - ფროიდენშტადტი / Freudenstadt

ინგლისი - ბლანკენჰაინი / Blankenhain

საფრანგეთი -  პადერბორნი / Paderborn

გერმანია -  ჰერცოგენაურახი / Herzogenaurach

უნგრეთი - ვაილერი / Weiler im Allgäu

იტალია -  იზერლონი / Iserlohn

ნიდერლანდები -  ვოლფსბურგი / Wolfsburg

პორტუგალია -  ჰარსევინკელი / Harsewinkel

რუმინეთი - ვიურცბურგი / Würzburg

შოტლანდია - გარმიშ-პარტენკირხენი / Garmisch-Partenkirchen

სერბეთი - აუსბურგი /  Augsburg

სლოვაკეთი  - მაინცი /  Mainz

სლოვენია -  ვუპერტალი / Wuppertal

ესპანეთი -  დონაუშენგენი / Donaueschingen

შვეიცარია - შტუტგარტი /  Stuttgart

თურქეთი - ბარსინგჰაუზენი / Barsinghausen


რეგლამენტით, ფინალურ ეტაპზე მონაწილე გუნდები, მითითებულ ქალაქებში, ევროს დაწყებამდე 5 დღით ადრე უნდა დარეგისტრირდნენ და შემდეგ, „სახლი-გასვლის" პრინციპით დაიგეგმონ, ფინალურ მატჩამდე, რომელიც 14 ივლისს, ბერლინში ოლიმპიაშტადიონზე გაიმართება.


უეფა-მ გაითვალისწინა ის გარემოებაც, რომ თამაშიდან თამაშამდე ფანებს მოუწევთ მოგზაურობა, შესაბამისად, ჯგუფური ეტაპის მატჩების ბადეც ისე ააწყო, რომ ეს ჩამოსული ქომაგისთვის მარტივი იყო - თამაშები ორ-ორ ფედერალურ მხარეშია გადანაწილებული. გამომდინარე იქიდან, რომ ევროპის ჩემპიონატი Deutsche Bahn-სთან, გერმანიის რკინიგზასთან და ავტო-პარკთან ითანამშრომლებს, ეროვნული ნაკრებების დელეგაციებისთვის გადაადგილება გამარტივდება. ამასთან, უეფა იტყობინება, რომ აღნიშნული ტრანსპორტი ეკოლოგიურად ბევრად სუფთა იქნება, ვიდრე ეს წინა ტურნირებზე იყო.


გამომდინარე იქიდან, რომ ადგილობრივი გულშემატკივარი ევროპის საფეხბურთო ზეიმს გულმოდგინედ ელოდება, უეფა-ს ეროვნულ ნაკრებებს აძლებს რეკომენდაციას, იმ ქალაქებში სადაც დაბანაკდებიან, გუნდებმა, პირველ მატჩამდე, ღია ვარჯიში ჩაატარონ გულშემატკივრისთვის და უკეთ გააცნონ საკუთარი გუნდი.


თავის წერილში უეფა აღნიშნავს, რომ ჩემპიონატის მასპინძელ ქალაქებში საგანგებოდ ეწყობა ინფრასტრუქტურაც, რომელიც ადგილობრივებს, ევროს დასრულების შემდეგ, კიდევ დიდხანს გამოადგებათ.


აღსანიშნავია, რომ უეფა-მ ფინალურ ეტაპზე გასულ ეროვნულ ფედერაციებს, მასპინძელ, გერმანულ მხარესთან ერთად შესთავაზა 10 ქალაქსა და მიმდებარე ტერიტორიებზე თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ბაზები, სასტუმროები კატალოგი. შესაბამისად, მარტის ბოლოს, დარჩენილი სამი საგზურის მფლობელებსაც, იმ არჩევანიდან შეეძლებათ, საბანაკე ადგილის შერჩევა.



ფოტო: © UEFA