დღეს, თბილისის სპორტის სასახლეში საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა 2024 წელს პირველი მატჩი ჩაატარა. ავთანდილ ასათიანის გუნდმა, რუმინეთის ნაკრებთან შეხვედრით ევრო 2026-ის შესარჩევი ეტაპისთვის დაიწყო მზადება. ჩვენი ნაკრები გათამაშებაში 2024 წლის დეკემბერში, მეინ რაუნდში ჩაერთვება. მანამდე კი, ჩვენ გუნდს, რომელიც ნატურალიზებული ლეგიონერების გარეშე ასპარეზობს, დღევანდელის ჩათვლით ფედერაციამ 8 სპარინგი დაუგეგმა.
მეტ-ნაკლებად გადახალისებული შემადგენლობით, ასათიანის გუნდმა თორნიკე ბუკიას, რონინიოს, გიორგი ჩიმაკაძის, ირაკლი თოდუასა და გიორგი ღავთაძის შემადგენლობით აქტიურად დაიწყო. თუმცა, გოლი მოედანზე შეცვლაზე შემოსულებმა გაიტანეს. შოთა თოფურიას გადაცემით რუმინელთა კარი 01'07"-ზე ვახტანგ კეკელიამ აიღო. ამ ტაიმში, მომდევნო ორი გოლი გიორგი ღავთაძის გადაცემის შემდეგ, გიორგი ჩიმაკაძემ (04'28", 17'12") გაიტანა.
„კარგია, რომ მოსამზადებელი ეტაპი გამარჯვებით დავიწყეთ. წინ დიდი გზა გველის. იყო რაღაც პრობლემები. კარგია რომ გამარჯვება მოვახერხეთ და ჩვენი თავის ვირწმუნეთ. უფრო მეტიც შეგვიძლია. მოწინააღმდეგე გუნდზე კიდევ ვიტყვი, რომ რუმინეთის ნაკრები კარგი გუნდია. კარგად იბრძოლეს. მეორე ტაიმში იბრძოლეს კიდეც. ხვალ გვაქვს კიდევ ერთი თამაში და იმედია, შევძლებთ კიდევ ერთ გამარჯვებას," - ამბობს გიორგი ჩიმაკაძე, დღევანდელი შეხვედრის დუბლის ავტორი.
შეხვედრის პირველ ტაიმში, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში დებიუტი ჰქონდა ჯანო კვარაცხელიას, რომელიც როგორც ჩანს, 77-ნომრიანი მაისურით დაიმკვიდრებს ადგილს ნაკრებში. მართალია, დღეს ფუტსალის „კვარამ" მეტოქის კარი ვერ აიღო, თუმცა, გვჯერა, გუნდთან სრული ადაპტაციის შემდეგ, „კვარული" გოლები, ფუტსალშიც გავა.
ბუნებრივია, რუმინელები ასე გულ-ხელდაკრეფილნი არ იჯდებოდნენ, შესაბამისად მეორე ტაიმიც უფრო აქტიურად დაიწყეს და 23'03" საბოლოჩ მანიამ ერთი გოლი გაქვითა. ის, რომ რუმინელები თამაშის შემოტრიალებას ცდილობდნენ, ისიც მეტყველებს, რომ თითქმის მთელი მეორე ტაიმი, ზედმეტი ფეხბურთელის გათამაშებას ცდილობდნენ და სწორედ, ერთ-ერთ ასეთ მომენტში, 28'18" შოთა თოფურიამ მოახერხა საკუთარი საჯარიმოდან რუმინელთა კარში ბურთის გადაგზავნა. 35'29" ატილა გალიმ მოახერხა კიდევ ერთხელ ქართველთა კარის აღება.
„პირველ რიგში, რა თქმა უნდა კარგია, რომ მოვიგეთ. მეორე მომენტია, რომ ბევრი სტრატეგიული დავალებები გვგქონდა. მეორე ტაიმში მოწინააღმდეგემ არ გვაცალა. ბევრი მოთამაშის გამოცდა მინდოდა, მაგრამ არაფერია. ხვალ კიდევ არის მეორე თამაში, ბევრი ამხანაგური მატჩია დაგეგმილი. ვაგრძელებთ გამარჯვებულის მენტალიტეტის შენარჩუნებას. ბიჭებს გათავისებული აქვთ, თუ რას ნიშნავს ეროვნულ ნაკრებში თამაში. ბოლო წუთებმაც აჩვენა, ყველა როგორ იბრძოდა. ასე თუ, ამხანაგური თამაში იქნება, თუ ოფიციალური, როდესაც შენს ქვეყანას წარმოადგენ, პირველი ყოველთვის გამარჯვება არის", - ამბობს ავთანდილ ასათიანი მატჩის დასრულების შემდეგ, რომელიც რა დასამალია და მატჩამდე, სამწვრთნელო შტაბთან ერთად, საკმაოდ შეფიქრიანებული და დაძაბულიც კი იყო.
მატჩის ფოტო-ალბომი (რედაქტირებული)