2024 წლის დეკემბერში, ფუტსალში, ევროპის 2026 წლის ჩემპიონატის ახალი შესარჩევი ეტაპზე, მეინ რაუნდიდან დაიწყებს ასპარეზობას. საქართველოს ნაკრები, რომელმაც კოვიდობის ჟამს, ევროპის ჩემპიონატზე წარმატებული გამოსვლით დაგვამახსოვრა თავი, პოსტკოვიდურ ჟამს, ახალ რეალობაში ცდილობს ადაპტაციას. ახალი რეალობა კი, ე.წ. გაფუჭებული ტელეფონია, როლის გამოც, ფუტსალში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის დროს (ელიტ რაუნდი გვაქვს მხედველობაში), რამდენიმე გუნდი და მათ შორის, ჩვენი ნაკრებიც დაზარალდა. უეფა-მ და ფიფა-მ რომლებსაც აპრიორში უწერიათ ნაკრებ გუნდებში ნატურალიზებული სპორტსმენების კვოტა, წლების მანძილზე არაფრად ჩააგდო, სხვადასხვა ნაკრებში ნატურალიზებელი ფეხბურთელების დიდი რაოდენობით კონცენტრაცია. უფრო მეტიც, ფუტსალისთვის არაპოპულარულ ქვეყნებში, ამით სახეობა წაახალისა კიდეც. მოკლედ, „ძველებს" და საფეხბურთო „აღიარებულ" ქვეყნებს, ვერაფერი შებედა და საბოლოოდ, ჯოხი საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ნაკრებებზე გადატეხეს.
„დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, ვთამაშობთ ლეგიონერების გარეშე. ჯერ-ჯერობით ვემზადებით ბრაზილიელების გარეშე, რადგან მათი ბედიც კი, ვინც ძალიან დიდი ხანია საქართველოს სახელით ასპარეზობს, გაურკვეველია. ჩვენი აზრით, სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც ახალი შესარჩევი ციკლისთვის, დეკემბრისთვის მზადება, მათ გარეშე დავიწყეთ. ვეყრდნობით ამ ახალ მოცემულობას და ვემზადებით ნატურალიზებული ფეხბურთელების გარეშე. ახლა, ერთი რონინიო არის ჩვენთან ერთად, რომელსაც, დიდი იმედი მაქვს დაუშვებენ და მისცემენ თამაშის ნებას. რონი, ჩემზე დიდი ხანია საქართველოში ცხოვრობს, ასე მგონია (სარედ - ეცინება). მივყვებით დინებას, წინასწარ ამას, ვერც მე და ვერც ფედერაცია ვერ განსაზღვრავს", - ამბობს ავთანდილ ასათიანი TSFF.Ge-სთან საუბარში, რომელიც ახალი შესარჩევი ციკლის წინ, პირველი სპარინგებისთვის ემზადება.
ფუტსალის მოყვარულებს გემახსოვრებათ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის ელიტ რაუნდის პერიოდში, საქართველოს ნაკრებს, ჭარბი ლეგიონერების გამო სართო ჯამში, 7 ქულა ჩამოაჭრეს და იმის ნაცვლად, რომ ახლა, მსოფლიო ჩემპიონატისთვის დაგვეჭირა თადარიგი, ახალი რეალობისთვის გვიწევს ფეხის აწყობა და ახლი გუნდის შენება.
„ბიჭები კარგად არიან, ყველას გათავისებული აქვს რას ვიწყებთ. დრო გვაქვს დეკემბრამდე იმისთვის, რომ მაქსიმალურად მოვიძიოთ ის ფეხბურთელები, რომლებზე დაყრდნობაც დეკემბერში შეგვეძლება. ეს ამხანაგური თამაშებიც სწორედ, ამისთვის არის. პირველი, რაც ახლა, ამ ეტაპზე გვჭირდება არის დრო და მოთმინება. თავიდანვე ვერ ავაწყობთ იმას, რაც გვგქონდა, გამორიცხულია ეს, მაგრამ მონდომებულები ვარ და ყველას უნდა დავუმტკიცოთ ის, რომ რაც გაგვიკეთეს ვერ წაგვაქცევს და იმაზე მეტს გავაკეთებთ, რაც უკვე გაგვიკეთებია", - ამბობს ავთანდილ ასათიანი.
2023 წლის საშემოდგომო სტრესის შემდეგ, ავთანდილ ასათიანმა და მისმა სამწვრთნელო შტაბმა გუნდის გადახალისება გადაწყვიტა. ალბათ, ვინც დეკემბერში გამართული მატჩები ნახა, გემახსოვრებათ, რომ საქართველოს ნაკრები ძირითადად, ადგილობრივი, ქართველო ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული. სომხეთში, ეს სტრესი გვემჩნეოდა და თამაშის ხარისხზეც აისახა. აი, თბილისში კი, წლის ბოლო მატჩში, თანაც მსოფლიოსა და ევროპის მოქმედ ჩემპიონთან, პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ (რომელთა საჩივრის გამოც დაგვატყდა თავს მთელი ეს გაუგებრობა) კი, საწყისი წუთების შემდეგ, მობილიზება მოახერხეს და პორტუგალიელების შვიდწლიანი წაუგებელი სერია შეწყვიტეს. საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას, 2-1 მოიგო და ამ ფაქტს, რაც არ უნდა გაუქმდეს შედეგი, ისტორიიდან ვერ წაშლი.
„ვილაპარაკეთ ფეხბურთელებთან ერთად. ჩამოვიფაროთ შავი ფარდები და ვიტიროთ წარსულზე, კარგს არაფერს მოგვცემს, უარესს თუ არა. ამიტომ, ყველა საკუთარ თავში ვცდილობთ მაქსიმალურად ვიპოვოთ კარგი განწყობა, რადგან იმ დიდი დანაკლისის მიუხედავად, რომელიც ნამდვილად გვაქვს, ყველაფერი გავაკეთოთ. ჩვენ წარმოვადგენთ ჩვენს ქვეყანას იქ და იმ მოცემულობით, სადაც ვიქნები, ამხანაგური შეხვედრა იქნება ეს, თუ ოფიციალური. შესაბამისად, როდესაც წარმოადგენ შენს ქვეყანას იქ ვალდებული ხარ გააკეთო 110% და უკან ყურებაში, 110%-ით კი არა, 5ბ%-ით ვერ ვითამაშებთ", - ამბობს ასათიანი.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, „50/50-ზე ყოფნას", როგორც ავთანდილ ასათიანი იძახის, საქართველოში, სადაც ფუტსალი პოპულარობას უფრო იხვეჭს, მოხერხდა საქართველოს ნაკრების ქართველი ფეხბურთელებით დაკომპლექტება. ასათიანის გუნდი, რომელიც 6 და 7 თებერვალს თბილისის სპორტის სასახლეში ორ სპარინგს გამართავს რუმინეთის ნაკრებთან, ძირითადად თბილისის „ნიუ ვიჟენის" ფეხბურთელებზე არის აგებული. გუნდში, ასეთი ექვსია. თუმცა გვქვს დანაკლისიც.
„კუპატას", თასის ფინალი აქვს და ბუნებრივია, მისი „დათმობა" მოგვიხდა. ასეა, ხან კლუბი გვითმობს, ხან ჩვენ და ამჯერად, რადგან ამხანაგური იყო, ჩვენ არ დავტვირთეთ. არ იქნება არც სებისკვერაძე. აჩი, მნიშვნელოვანი ფეხბურთელია ნაკრებში, თუმცა, ამჯერად ტრავმის გამო ვერ დაგვეხმარება. ეს კი არა, ბუკიაც, ბოლო მომენტში შემოგვიერთდა. ჩვენმა მეკარემ, რომელიც გამოძახებული გვყავდა, ტრავმა მიიღო და საერთოდ, ერთი მეკარით ვრჩებოდით", - ამბობს ავთუკა, „ბუკიას ჩამოსვლას არ ველოდით. ის, გუშინ, ღამით ჩამოფრინდა. მინდა, მადლობა გადავუხადო მას, რომ ეს ყველა გარემოება გაითვალისწინა, ყველაფერზე უარი თქვა, საქართველოს ნაკრების გარდა. დანარჩენი კი, რაც ახლა ხდება, ცოცხალი პროცესია. ვუყურებთ, დავაკვირდებით და დამსახურების მიხედვით ვიმოქმედებთ. ბევრი ახალი სახეა, რომლებსაც ჯერ-ჯერობით თამაშებში ბევრი აქვთ დასამტკიცებელი".
ახალ შესარჩევ ციკლამდე სფფ-მ ფუტსალის ეროვნული ნაკრებისთვის რვა ამხანაგური სპარინგი დაგეგმა. ბევრი ახალი სახე და გამოწვევა საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელისა და სამწვრთნელო შტაბისთვის. ახლა, ავთანდილ ასათიანი დინამიკაში აკვირდება ფეხბურთელებს და მოსწონს, რომ გუნდში კონკურენციაა.
მეკარეები: თორნიკე ბუკია („აქტობე", ყაზახეთი), ვახტანგ ტერუნაშვილი („არმია", თბილისი); წინა ხაზი: შოთა თოფურია ('ნიუ ვიჟენი", თბილისი), ბექა ბექაური (კსუ), ირაკლი თოდუა („ნიუ ვიჟენი", თბილისი), ვახტანგ კეკელია („ნიუ ვიჟენი", თბილისი), ვახტანგ ჯვარაშვილი („ნიუ ვიჟენი", თბილისი), ნიკოლოზ გაბრიჩიძე („ნიუ ვიჟენი", თბილისი), ლევან სვანიძე (პსპ), ოთარ ბერეჩიკიძე („არმია", თბილისი), გიორგი ჩიმაკაძე (თსუ), ჯანო გიორგაია (თსუ), გიორგი ღავთაძე („ტიუმენი", რუსეთი), ჯანო კვარაცხელია („სიბირიაკი", ნოვოსიბირსკი, რუსეთი), ლუკა ფარცვანია (კსუ), რონინიო („ნიუ ვიჟენი", თბილისი).
„კვარაცხელია რუსეთის პრემიერ ლიგაში თამაშობს. კიდევ ერთი მოთამაშეა რუსეთის ლიგიდან ქართული წარმოშობისაა. მას, სავარაუდოდ შემდეგ ამხანაგურზე დავუძახებთ. ამ ეტაპზე, პირადი მიზეზების გამო, ვერ ახერხებდა ჩამოსვლას. გასინჯვას რა უდგას წინ? თუ მოგვეწონა დავიმატებთ გუნდში, თუ არა და, „თადარიგში" გვეყოლება. ბრაზილიელებთან ჯერ ოფიციალურად არ გვგქონია ლაპარაკი. მაინც გვჯერა იმის, რომ ვიღაცეებს დაუშვებენ..." - ამბობს ასათიანი, რომლის სამწვრთნელო შტაბიც სამომავლოდ გააგრძელებს აქტიურ სასელექციო მუშაობას.
მანამდე კი, 6-7 თებერვლის მატჩების მეტოქის შესახებ, ცოტა დაწვრილებით. რუმინეთის ნაკრებმა ელიტ რაუნდში, პორტუგალიელების მსგავსად, „თავი გამოიჩინა". ნიდერლანდების წინააღმდეგ, გუნდმა ნატურალიზებული ბრაზილიელები ათამაშა და გაიმარჯვა, თუმცა, ჩვენი არ იყოს, იმ შეხვედრაში მათაც ტექნიკური წაგება ჩაუთვალეს. აი, ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანელებს, კი ნატურალიზებული ფეხბურთელების გამო, მათ უჩივლეს და ტექნიკური მოგება მიითვალეს... საქმე, სატირალი რომ არა, სასაცილო იქნებოდა, თუმცა, ოდესმე, ეს ხლართი დაიშლება და ყველაფერი დალაგდება. მანამდე კი, 6-7 თებერვალს, საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები (17 ადგილი / 1761.015 ს.ქ.), 18:00 საათიზე რუმინეთის ნაკრებს (15 ადგილი / 1806.321 ს.ქ.) დაუპირისპირდება.
ფოტო: სფფ / ლაშა კუპრაშვილი