პარიზის გრან სლემი მხოლოდ, ერთი მედლით დავასრულეთ...
პარიზის გრან სლემი მხოლოდ, ერთი მედლით დავასრულეთ...
04.02.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ბექაური „ჩაეხსნა", ლიპო „ჩახსნეს"... -90კგ წონით კატეგორიაში პირველი ეტაპი გაიარა, თუმცა მომდევნოში ნოელ ვან 'ტ ენდისთან წააგო და ასპარეზობას გამოეთიშა გიორგი ჯაბნიაშვილი. -100კგ წონით კატეგორიაში პირველი ეტაპი გაიარა და მომდევნოში დამარცხდა მიხეილ ჯაფარიძეც. შესაბამისად, პარიზის გრან სლემზე, ორი ოქროს მოლოდინში, ქართველები ჩვენთვის საამაყო მძიმე წონებში, მშრალზე დავრჩით.

-100კგ-ში საქომაგო ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილი დაგვრჩა, რომელსაც ფინალში მოუწია ასპარეზობა, თუმცა, ნიკა, იაპონელ აარონ ვოლფთან დამარცხდა და მხოლოდ, ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.  ამავე წონაში, წარუმატებელი გამოდგა გერმანიის სახელით მოასპარეზე ქართული წარმომავლობის გიორგი უძილაურის გამოსვლაც.


ამრიგად, პარიზის 2024 წლის გრან სლემის ბოლო დღეს, ყულაბაში ერთი ვერცხლის მედლის მფლობელ ქართულ გუნდს, იმედად +100კგ-ში მოასპარეზე საბა ინანეიშვილი და ირაკლი დემეტრაშვილი დაგვრჩენ. საბამ პირველი წრიდან დაიწყო და 1/2 ფინალში გადმოსასვლელ შეხვედრაში დათმო უზბეკ ალიშარ იუსუპოვთან. სხვათა შორის, უზბეკმა, უკვე რეპეშაჟის ფინალში, ირაკლის დემეტრაშვილსაც (ირაკლიმ 1/8 ფინალში აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე უშანგი კოკაური დაამარცხა) მოუგო. რაც შეეხება საბას, ის ასევე რეპეშაჟის ფინალში იაპონიის წარმომადგენელ კანტა ნაკამოსთან იპონით, შეხვედრის დაწყებიდან 43 წამზე დამარცხდა.


საბოლოოდ, პარიზის გრან სლემზე ქართულმა გუნდმა მისთვის ბოლო წლებისთვის უჩვეულო მე-14 ადგილი დაიკავა.


ქართველ ჯუდოკებს მომდევნო გაჩერება  16-18 თებერვალს ბაქოში აქვთ, ტრადიციულ ბაქოს გრან სლემზე.



ფოტო: (c) IJF .  Sabau Gabriela / Kulumbegashvili Tamara