მარი ალავიძე თავისუფალ პროგრამაში ფინალური ეტაპის წინ მეექვსეა
მარი ალავიძე თავისუფალ პროგრამაში ფინალური ეტაპის წინ მეექვსეა
04.02.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

მორიგი საშეჯიბრო დღეც და დისციპლინაც წარმატებული გამოდგა 17 წლის მხატვრული მოცურავე მარი ალავიძისთვის. დოჰაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველმა სპორტსმენმა 31 მონაწილეს შორის სოლო პროგრამაში, 219.2188 ქულით, მე-6 ადგილზეა. აღსანიშნავია, რომ ეს შედეგი, ჯერ-ჯერობით საუკეთესოა ალავიძის კარიერაში.

თავისუფალ სოლო პროგრამის ფინალური ეტაპი 6 თებერვალს გაიმართება.


კიდევ ერთ დისციპლინაში, წყვილებს შორის თავისუფალ პროგრამაში, მესამე ნომრად იასპარეზებენ, მარი ალავიძისა და თეკლა გოგილიძის  (14 წლის) წყვილი.


აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ დოჰაში მიმდინარე 2024 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე საწყლოსნო სახეობებში 201 ქვეყნის 2600-ზე მეტი სპორტსმენი ასპარეზობს. საერთო ჯამში, სპორტის ექვს სახეობაში მედლების 75 კომპლექტი გათამაშდება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მსოფლიო ჩემპიონატს, ის გარემოებაც ხდის საინტერესოს, ბოლო ყველაზე მსხვილი და ამასთან სალიცენზიო ტურნირია პარიზის ოლიმპიურ თამაშებამდე.



ფოტო: საქართველოს საწყლოსნო სახეობების ფედერაცია