პირველი მედალი პარიზის გრან სლემიდან
პირველი მედალი პარიზის გრან სლემიდან
03.02.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი


„გიორგი ჩიხელიძე, დაიმახსოვრეთ ეს სახელი! მსოფლიო რეიტინგის 179-ე ნომერი პარიზის გრან სლემის ოქროსთვის იბრძვის. პარიზში, მას გრან სლემის ტირიების პირველი მედალი უკვე დაბევებული აქვს",  - ასე წარადგინა ნახევარფინალის დასრულების შემდეგ, ქართველი ჯუდოკა, ძიუდოს ევროპის ფედერაციის სოციალურმა ქსელმა. მიუხედავად იმისა, რომ ოქროს მედალი უბრალოდ, „გაასწორედა", 23 წლის ქართველი სპორტსმენისთვის რომელსაც სენიორთა შორის ჯერ მხოლოდ თბილისის გრან სლემის მე-7 ადგილი აქვს პირადი მიღწევების ჩანაწერებში, დაგვეთანხმეთ, რომ ვერცხლიც, არაა ცუდი შედეგი. მითუმეტეს წონაში, -73 კგ-ში, სადაც „შავის" „ჩრდილიდან" გამოსვლა, არც თუ მარტივი საქმეა...


ქართველმა ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო და ბადე იპონებით გაიარა - დაამარცხა ჩეხეთის სახელით მოასპარეზე კარიმოვი, რუმინელი რაიჩუ, ბრაზილიელი ფალკაო, მოლდოვას სახელით მოასპარეზე ოსმანოვი. 1/2 ფინალში გიორგიმ ტაქტიკურად სწორად იჭიდავა - დასაწყისშივე მოახერხა უზბეკი ახადოვისთვის ვაზარის ართმევა და შეხვედრის დარჩენილ 41 წამში, თავს უფლება მისცა ორი შიდოც აეღო.


ფინალში, ქართველი თითქმის უცნობ იაპონელს, 22 წლის იშიჰარა ტაცუკის შევხდა. ჩიხელიძემ პირველმა მოახერხა მეტოქე ეიძულებინა შიდო მიეღო, თუმცა, მალევე იაპონელმა ვაზარი აუღო და აშკარად, უფრო გააქტიურდა. რეალურად, დარჩენილ დროში რამდენჯერმე „გადავრჩით" და საპასუხოდ, ანგარიში ვერ გავუთანაბრეთ. გიორგი ჩიხელიძემ გრან სლემების სერიის პირველი მედალი მოიგო და იმედია, ეს მხოლოდ დასაწყისია.


ჩიხელიძის ყველა შედეგი: პარიზის გრან სლემი 2024 (2), თბილისის გრან სლემი 2022 (7), ევროპის ახალგაზრდული თასი 2019 (5), ევროპის თასი 2019 (3), ევროპის ახალგაზრდული თასი 2018 (5), ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი 2017 (1), კადეტთა ევროპის თასი 2017 (5).


აქვე შეგახსენებთ, რომ -73კგ წონითი კატეგორია, მიმდინარე გრან სლემზე, აღნიშნული წონა იყო ერთადერთი, რომელიც გაორებული არ გვგქონდა.


დღესვე -81კგ წონით კატეგორიაში, პირველი წლიდან გამოეთიშენ ასპარეზობას ვლადიმირ ახალკაცი და დიმიტრი გოჩილაძე. რამდენიმე წრის გავლა მოახერხეს დღევანდელ წონით კატეგორიებში ქართულმა „დიასპორამაც", თუმცა, ფინალურ ბლოკში მხოლოდ ჩიხელიძემ მოახერხა გასვლა.


ხვალ, პარიზის გრან სლემის ბოლო დღეა. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ტატამზე ვერ ვიხილავთ ლაშა ბექაურს, რომელსაც „სილქ უნივერსალზე" გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავეყრდნობით, მაღალი სიცხე ჰქონდა და აწონვაზეც არ გამოცხადებულა. ამრიგად, -90კგ წონით კატეგორიაში საქომაგოდ, გიორგი ჯაბნიაშვილი დაგვრჩა. მის გარდა, ხვალ მედლების მოგებას -100კგ წონით კატეგორიაში ვარლამ ლიპარტელიანი და მიხეილ ჯაფარიძეც, ხოლო ,  +100კგ საბა ინანეიშვილი და გიორგი დემეტრაშვილი შეეცდებიან.



ფოტო: ©IJF / თამუნა ყულიმბეგაშვილი