შენგელიას „ვირტუსმა“ დრამატულ მატჩში გაიმარჯვა
შენგელიას „ვირტუსმა“ დრამატულ მატჩში გაიმარჯვა
03.02.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

სასწაულად დაძაბული ბოლო წუთები, რომელიც საბოლოოდ, თოკო შენგელიას „ვირტუს ბოლონიას" გამარჯვებით, 88-84 დასრულდა. „თურქიშ ეარლაინს ევრო ლიგის" მორიგ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების კაპიტნის გუნდმა, ოთხიდან სამი მეოთხედი ფრედ, 19-19, 27-27, 26-26 ითამაშა ბელგრადის „პარტიზანთან".

რეალურად იტალიელებმა მეორე მეოთხედში შეიქმნეს მცირედი უპირატესობა (16-12) და ისევე, როგორც საბოლოოდ მატჩი, დიდ შესვენებაზეც 4 ქულიანი უპირატესობით, 35-31 გავიდნენ. თუმცა, იყო მომენტი, როდესაც „ვირტუსი" 12 ქულით დაწინაურდა და თითქოს თამაშიც გააკონტროლა. მიუხედავად ამისა, ბოლო მეოთხედის დაწყებისთანავე, ბელგრადელებმა, ეს უპირატესობა გააცამტვერეს და თამაში, ზემოთხსენებულ ბოლო წუთამდე, გარდამავალი უპირატესობით, ქულა-ქულაში წავიდა. გადამწყვეტი ქულები გუნდს, აბასმა მოუტანა და აქვე ვიტყვით, რომ იტალიური კლუბიდან, ყველაზე შედეგიანი 20-20 ქულით ლუნდბერგი და ბელინელი იყვნენ.


რაც შეეხება თორნიკე შენგელიას, ქართველმა პარკეტზე 21:41 წუთი დაჰყო, 8 ქულა და 5 მოხსნა დააგროვა. რეალურად ქართველმა ორივე ტაიმში 4-4 ქულა აიღო და აშკარად, ჯერ არ არის იმ ფორმაში, რომლის ნახვაც ჩვენ თებერვლის მეორე ნახევარში გაგვიხარდებოდა გვენახა.


დღევანდელი გამარჯვების შემდეგ, „ვურტუსი", მადრიდის „რეალისა" და „ბარსელონას" შემდეგ, 3-4 ადგილებს იყოფს „ფენერბაჰჩესთან" ერთად.


თორნიკე შენგელიას გუნდი, მომდევნო შეხვედრას 9 თებერვალს საკუთარ კედლებში, „მონაკოს" წინააღმდეგ გამართავს.



ფოტო: © Virtus Segafredo Bologna