საქართველოს ფუტსალის ნაკრები ახალი სეზონისთვის იწყებს მზადებას. ავთანდილ ასათიანის გუნდს, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატის საგზური ჯიბიდან ამოაცალეს და „სამაგალითოდ დასაჯეს", ჩვენი აზრით დაუმსახურებელი მძიმე დარტყმის შემდეგ ახალ ცხოვრებას იწყებს. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში, რომელიც 6 და 7 თებერვალს, თბილისის სპორტის სასახლეში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს რუმინეთის ნაკრების წინააღმდეგ, ნატურალიზებული და ისიც უკვე წლებია „ჩასიძებული" მხოლოდ, რონინიოა.
სფფ-ს ოფიციალური სანაკრებო გვერდის ინფორმაციით, მოახლოებული შეხვედრებისთვის, საქართველოს ნაკრებმა მზადება 16 ფეხბურთელით დაიწყო. მათ შორის ორი დებიუტანტია - ოთარ ბერეჩიკიძე და ჯანო კვარაცხელია.
მეკარეები: ბექა ტყემალაძე („ნიუ ვიჟენი", თბილისი), ვახტანგ ტერუნაშვილი („არმია", თბილისი); წინა ხაზი: შოთა თოფურია („ნიუ ვიჟენი", თბილისი), ბექა ბექაური (კსუ), ირაკლი თოდუა („ნიუ ვიჟენი", თბილისი), ვახტანგ კეკელია („ნიუ ვიჟენი", თბილისი), ვახტანგ ჯვარაშვილი („ნიუ ვიჟენი", თბილისი), ნიკოლოზ გაბრიჩიძე („ნიუ ვიჟენი", თბილისი), ლევან სვანიძე (პსპ), ოთარ ბერეჩიკიძე („არმია", თბილისი), გიორგი ჩიმაკაძე (თსუ), ჯანო გიორგაია (თსუ), გიორგი ღავთაძე („ტიუმენი", რუსეთი), ჯანო კვარაცხელია („სიბირიაკი", ნოვოსიბირსკი, რუსეთი), ლუკა ფარცვანია (კსუ), რონინიო („ნიუ ვიჟენი", თბილისი)
როგორც ხედავთ, ასათიანმა ახალი სეზონი ექსპერიმენტული და განახლებული შემადგენლობით დაიწყო. ნატურალიზებული ლეგიონერების გარდა, თებერვლის სანაკრებო თამაშებზე არ იქნებიან ზვიად კუპატაძე, თორნიკე ბუკია, არჩილ სებისკვერაძე - ჩვენი ნაკრების ასე ვთქვათ ძველი და გამოცდილი ხერხემალი.
მატჩები თბილისის სპორტის სასახლეში 6 და 7 თებერვალს, 18:00 საათზე დაიწყება და გულშემატკივრისთვის დასწრება თავისუფალია.