2024 წლის 12-14 აპრილს, თბილისი ფრენბურთში, 18-წლამდე გოგონათა ევროპის ჩემპიონატის მეორე ეტაპს უმასპინძლებს. აღნიშნული ეტაპის თამაშებს საქართველოს გარდა იტალია, სერბეთი, ესპანეთი და ავსტრია უმასპინძლებს. საქართველოსთან ერთად, სწორედ, ამ ხუთ ქვეყანაში გადანაწილდა ის 20 ნაკრები, რომლებიც მომდევნო ეტაპზე გასასვლელი საგზურებისთვის (ჯგუფების გამარჯვებულები, პლუს 4 საუკეთესო მეორე ადგილოსანი) იასპარეზებენ.
საქართველოს 18-წლამდე გოგონათა ნაკრები D ჯგუფში მოხვდა. თბილისში სათამაშოდ კი, საფრანგეთის (რეიტინგის 30-ე), სლოვენიისა (რეიტინგის მე-5) და უკრაინის (რეიტინგის მე-19) 18-წლამდე გოგონათა ნაკრებები ჩამოვლენ. აქვე შეგახსენებთ, რომ CEV -ზე გამოქვეყნებულ რეიტინგებში, დღევანდელი მოცემულობით საქართველოს 18-წლამდე გოგონათა ნაკრები 25-ე ადგილზეა.
აქვე გეტყვით, რომ ფინალურ ეტაპზე, რომელიც 1-7 ივლისს გაიმართება, ასპარეზობის უფლებას ორგანიზატორების გუნდები (რომელთაგან ერთ-ერთი საბერძნეთია, მეორე ვინაობა კი, ამ მომენტისთვის არაა დადგენილი), პირველი რაუნდის გამარჯვებულები და მეორე რაუნდის გამარჯვებულები და ოთხი საუკეთესო მეორეადგილოსანი იბრძოლებს. საერთო ჯამში ფინალურ ეტაპზე 16 გუნდი იასპარეზებს, რომელთა შორის საბერძნეთთან ერთად, ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება უკვე განაღდებული აქვს თურქეთის, პოლონეთის, ხორვატიის, ფინეთისა და ბელგიის ნაკრებებს.
18-წლამდე გოგონათა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატში, მონაწილეობის უფლება აქვს, 2007 წლის 1 იანვრამდე დაბადებულ გოგონებს.
ფოტო: © CEV