აპრილში „თბილისი არენა“ 18-წლამდე ფრენბურთელ გოგონათა ევროს ეტაპს უმასპინძლებს
აპრილში „თბილისი არენა“ 18-წლამდე ფრენბურთელ გოგონათა ევროს ეტაპს უმასპინძლებს
30.01.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

2024 წლის 12-14 აპრილს, თბილისი ფრენბურთში, 18-წლამდე გოგონათა ევროპის ჩემპიონატის მეორე ეტაპს უმასპინძლებს. 

„მოხარულები ვართ, რომ ევროპის ფრენბურთის კონფედერაცია,  საქართველოს ფრენბურთის ეროვნულ ფედერაციას ნდომას გვიცხადებს და ზედიზედ მეორედ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ორგანიზებას გვანდობს", - ნათქვამია საქართველოს ფრენბურთის ფედერაციის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადებაში.


ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ რომელი გუნდები მოხვდებიან წილისყრით თბილისში დაგეგმილ ეტაპზე. სავარაუდოდ, წილისყრაც უახლოეს მომავალში გაიმართება. თუმცა, დანამდვილებით ვიტყვით, რომ „თბილისი  არენაზე", რომელიც ევროპის 18-წლადე გოგონათა ჩემპიონატის მორიგ საკვალიფიკაციო ეტაპს უმასპინძლებს, საქართველოს გოგონათა ნაკრებიც მიიღებს მონაწილეობას.


აღნიშნულ ეტაპზე მოსახვედრად, ქართველ 18-წლამდე გოგონათა ნაკრებმა, 2023 წლის ნოემბრის ბოლოს, ლატვიაში გამართულ ტურნირზე იასპარეზა. ექვსი მატჩიდან სამში, ესტონეთთან 3-2, აზერბაიჯანთან 3-0 და ლიეტუვასთან 3-1 იმარჯვა და მეორე ეტაპზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა.


აქვე, ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ CEV-ის (ფრენბურთის ევროპული კონფედერაცია) რეიტინგში, ამ მომენტისთვის საქართველო 18-წლამდე ქალთა ნაკრები 25-ე პოზიციაზეა და ბუნებრივია, საკუთარ კედლებში წარმატებული გამოსვლის შემთხვევაში, მინიმუმ ამ მაჩვენებლის გაუმჯობესებას მოახერხებს.  



ფოტო: საქართველოს ფრენბურთის ფედერაცია