ინგა გურგენიძე იუნიორ ქალთა შორის დაკავებული მე-5 ადგილით, საუკეთესო გახდა ქართული გუნდიდან სამხრეთ კორეაში მიმდინარე ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე. 14 წლის ქართველმა ციგურებით მოციგურავემ, სადებიუტო ოლიმპიურ თამაშებზე, ორი პროგრამის ჯამში, 173.41 ქულა დააგროვა, რითაც, 2023 წლის 6 ოქტომბერს, Armenian Cup 2023-ზე ნაჩვენები შედეგი 165.90 ქულა, საგრძნობლად გააუმჯობესა, თუმცა, ეს პატარა ქართველის იდეალური მაჩვენებელი არაა, რადგან ჩვენებურს, როგორც მოკლე, ასევე დღეს, თავისუფალი პროგრამის შესრულებისას მცირედი მღელვარება ემჩნეოდა, რესურსი კი გურგენიძეს აშკარად დიდი აქვს. მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე 2022-2023 წელს ნაჩვენები მე-9 შედეგი, მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე, მე-5 ადგილზე გადმოცვალა და ეს მხოლოდ, დასაწყისია.
ის იმ ქალ მოციგურავეთა (კატეგორიას ამ ასაკობრივ ჯგუფში) ეკუთვნის, რომლებიც სამმაგ აქსელს აკეთებენ, თუმცა, ინგას პროგრამაში ეს ელემენტი განუყრელი ნაწილია. სწორედ, სამმაგი აქსელის შესრულების დროს დაუშვა მცირედი შეცდომა ქართველა და მთლიან პროგრამაშიც, რამდენიმე უმნიშვნელო ხარვეზი ჰქონდა. მსაჯებმა კი, ეს შეცდომები ქულებში დაუთვალეს. სხვათა შორის გურგენიძე, იმ გამონაკლის მოციგურავეებს განეკუთვნება, რომელმაც განგვონში პროგრამის ბოლოსთვის ორმაგი აქსელისა და სამმაგი ტულუპის კომბინაცია შემოინახა და თავი წარმატებულად გაართვა.
ალბათ, რომ არა ეს მცირედი ხარვეზები, გურგენიძე, თავისუფალ პროგრამაშიც უფრო მეტ ქულას 115.42 (64.29 /51.13) აიღებდა. თუმცა, ქართველმა აქაც მოახერხა საკუთარი საუკეთესო შედეგის გაუმჯობესება 4.99 ქულით. თავისუფალ პროგრამაში მე-6 ადგილი დაიკავა და ორი პროგრამის ჯამში, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მე-5 პოზიციით დაასრულა ასპარეზობა. განსხვავებით მოკლე პროგრამისა, ამჯერად ქართველს მხოლოდ, იაპონელმა და მასპინძელმა სამხერთ კორეელმა მოციგურავეებმა გადაუსწრეს. ევროპელებს შორის კი, ინგა, კვლავ პირველია.
და ბოლოს ინგა გურგენიძის გამოსვლის მუსიკალური გაფორმების შესახებ, რომელმაც ISU-ს იუთუბ-გვერდზე ლაივ-ჩათში მყოფების დიდი მოწონება და ინტერესი გამოიწვია - Mephisto's Lullaby (Yair Albeg &Or Kribos), Ghostwriter-ის Breathing Under Water-სა და Dissociative Identity Disorder ნაწარმოებებზეა შექმნილი. სხვათა შორის, პირველზე (Mephisto's Lullaby), რამდენიმე წლის წინ მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას წყვილიც ასპარეზობდა.