The best combination of the competition - ეს არის კომენტატორის შეფასებიდან ერთ-ერთი ფრაგმენტი, ქართველი ფიგურული მოციგურავის ინგა გურგენიძის გამოსვლის დასრულების შემდეგ, რომელმაც თუ არ ჩავთვლით სამმაგი ლუცსის დროს დაშვებულ შეცდომას, ვივალდის „წელიწადის დრონი"-ზე კომპოზიცია, დამაჯერებლად შეასრულა. თუმცა, სპორტსმენს, გამოსვლის დასრულებისთანავე ემჩნეოდა სახეზე უკმაყოფილება, რაც იმედს გვაძლევს, რომ თავისუფალ პროგრამაში ინგა, ყინულზე აუცილებლად რაციონალური, ცივი გონებით და საბრძოლოდ გამოვა, მითუმეტეს რომ ლიდერებთან არაა ის სხვაობა, რისი „ამოღებაც" ქართველს არ შეუძლია.
სამხრეთ კორეულ განგვონში მიმდინარე ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში, ქართული გუნდიდან სულ ბოლოს, ქალთა შორის ფიგურული მოციგურავე ინგა გურგენიძე ჩაერთო. ქართველ ყინულზე მონაწილეთა შორის უკანასკნელი გამოვიდა და საბოლოოდ, მოკლე პროგრამის შემდეგ 57.99 (33.11 / 25.88) მე-7 ადგილი დაიკავა. აღსანიშნავია, რომ ინგას იუნიორ გოგონათა შორის მოასპარეზეთაგან იაპონიის, მასპინძელი სამხრეთ კორეასა და ჩინეთის წარმომადგენლებმა გადაუსწრეს.
აღსანიშნავია, რომ სამხრეთ კორეაში, ქართული გუნდიდან, ყველაზე ბოლოს სწორედ, ჩვენი მოციგურავეები ჩაფრინდნენ. არაა გამორიცხული, რომ ქართველების გამოსვლებიც, რომლებიც წინასწარი გათვლებით ლიდერებში მოიაზრებოდნენ, ვერ მოსწრებულ აკლიმატიზაციას (გრძელი მოგზაურობა, დროში სხვაობა) დაბრალდეს. მოციგურავეები განგვონში 25 იანვარს ჩაფრინდნენ. განრიგით, ქართველებს იმავე დღეს უწევდათ ვარჯიში, 27 იანვარს კი, კონსტანტინეს ჰქონდა სტარტი.
არც უმაგისობა იქნება, თუმცა, აქ ერთი პატარა დეტალია, რომელზეც ჩვენი აზრით, ინგას და მის გუნდის წევრებს მოუწევთ მუშაობა და გვჯერა ეს, გურგენიძის ასაკის მატებასა და გამოცდილებასთან ერთად აუცილებლად მოვა. საქმე ისაა, რომ ახალგაზრდა ქართველი მოციგურავე გახურებისას, ერთ-ერთი ელემენტის დროს უხერხულად წაიქცა. თუმცა, შემდეგ იგივე ელემენტი რამდენჯერმე უნაკლოდ შეასრულა, მაგრამ როგორც ჩანს, გადამწყვეტი მომენტის დროს, პატარა ქართველს, ის ემოცია, მაინც არ დაავიწყდა. დარწმუნებულები ვართ, ამ თითქოს უმნიშვნელო დეტალზე, ქართული გუნდი იმუშავებს და არა მხოლოდ, ინგასთან მიმართებაში და არა მხოლოდ, ფიგურულ ციგურაობაში, ეს საერთო „სენია" ყველა სპორტის სახეობაში (სამწუხაროდ ყველა ასაკში) და ვფიქრობ, მარტივად, ქართულ ხასიათში გვაქვს გენეტიკურად. ამიტომ, წარუმატებლობის მართვა უნდა ვისწავლოთ.
ისე, რა საოცრებაა არა? რამდენიმე წლის წინ, ქართველები ვერც წარმოვიდგენდით, რომ ფიგურულ ციგურაობაზე „მადა გაგვეხსნებოდა" და მოთხოვნა გაგვიჩნდებოდა, მაგრამ ფაქტია, ეს უკვე რეალობაა.
ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე კი, ჩვენი სპორტსმენები, კონსტანტინე სუპატაშვილი და ინგა გურგენიძე, ახლა თავისუფალი პროგრამით წარსდგებიან. ინგა გურგენიძე, სამშაბათს, 30 იანვარს, თბილისის დროით 11:00 საათზე იასპარეზებს. კონსტანტინე კი, განგვონში ხვალ, თბილისის დროით 10:25 საათიდან დაიწყებს ასპარეზობას.