2023 წლის 20 დეკემბერს, საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა, თბილისის სპორტის სასახლეში მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონი, პორტუგალიის ნაკრები მინიმალური ანგარიშით 2-1 დაამარცხა. ავთანდილ ასათიანის გუნდს, რომელსაც ნატურალიზებული ლეგიონერების კვოტის დარღვევის გამო (ნახევარ ევროპულ გუნდებს მსგავსი დარღვევები დღემდე აქვთ ხახვივით შერჩენილი), უეფა-ს შესაბამისი სამსახურების გადაწყვეტილებით და პორტუგალიის ნაკრების მოთხოვნით (რომელიც თუკი იტალიასთან არ გასდით, ან ყაზახეთთან, ანდა სულაც რუსეთთან და ჩვენთან გაუვიდათ), 20 დეკემბრის მატჩამდე 4 ქულა ჩამოაჭრეს. უფრო მეტიც, სომხეთის ნაკრების გარდა, ქართველთა გუნდს, ყველა ჩამატებულ თამაშში ტექნიკური წაგება 0-5 დაუფიქსირეს, თბილისში მოგებული მატჩიც, საბოლოოდ წაგებად ჩაუთვალეს.
როგორც ვვარაუდობდით და მატჩის შემდგომ წერილშიც ვწერდით, პორტუგალიის ნაკრებმა, რომელსაც ჯგუფში ქულების მაქსიმუმის აღება ჰქონდა აპრიორში გეგმად და ამის გაკეთებაში ხელი, სწორედ, საქართველოს ნაკრებმა შეუშალა, არც თბილისური გამარჯვება „შეგვარგო" და ეს, მიუხედავად იმისა, რომ სპორტის სასახლეში, ქართველთა გუნდის შემადგენლობაში მხოლოდ ჩიმბა და რონინიო იყვნენ. თუმცა რონი, თითქმის 10 წელია უკვე საქართველოში ცხოვრობს და ბოლო წლებიც ქართულ კლუბში თამაშობს, აქვს ქართული ოჯახი და აქედან სულაც არ ფიქრობს წასვლას. ასე, რომ მას ნაკლებად ეხება. უფრო მეტიც, საქართველოს ნაკრების კარსაც არ იცავდა გუნდის მთავარი მეკარე და განსაკუთრებით პირველი ტაიმი, მსაჯებსაც არ დაუკლიათ ზრუნვა პორტუგალიელებზე.
თამაშის მიმდინარეობასაც შეგახსენებთ, გატანილი გოლების გარეშე დასრულებული პირველი ნახევრის შემდეგ, პორტუგალიის ნაკრებმა ანგარიში მეორე ტაიმის დებიუტში გახსნა. თუმცა, აქ დაიწყო ის, რასაც ფუტსალის ელიტარული ნაკრები არ მოელოდა - 33-ე წუთზე გიორგი ჩიმაკაძის პასით ანგარიში ჩიმბამ გაათანაბრა, გამარჯვების გოლი კი, 38-ე წუთზე გიორგი ღავთაძემ გაიტანა ჩიმბას გადაცემის შემდეგ. საინტერესოა რომ არა ჩიმბას ჩართულობა ამ გოლებში, პორტუგალიელები (რამდენიმე წლიანი წაუგებელი ციკლის შემდეგ) მარცხს აღიარებდნენ, თუ, მაინც იჩივლებდნენ. ისე, მარცხი რომ აღიარო, ამის კაცობაც უნდა გეყოს, ადამიანობაც, პროფესიონალიზმიც და მეტოქის პატივის ცემაც.
სხვათა შორის, პორტუგალიელების წაუგებელი ციკლის „შემჩერებლებზე" საერთაშორისო მედიამაც დაწერა, აღფრთოვანებით. თუმცა, იმის იქით, რა მოხდა, არავინ დაინტერესებულა...
საქართველოს ნაკრებმა ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, მსოფლიო ჩემპიონატის ელიტ-რაუნდი ბოლო ადგილზე დაასრულა. ახლა, სხვა თემა მაინტერესებს. მაშინ როდესაც, დიდი ევროპული ფეხბურთელები, მათ შორის გაარაბებული პორტუგალიელი უეფა-სა და ფიფა-ს „ივენთებზე" თავზე ლაფის დასხმას განაგრძობს (დაჯილდოებების კომპეტენციებს და ალტერნატიულ დაჯილდოებებს ვგულისხმობ), მაშინ როდესაც ქვეყნების მთელი რიგი, ფეხბურთის პოპულარიზაციის სარჩულით, საკუთარ გულშემატკივარს ჰპარავს ფინალურ ტურნირებს და გასტროლებზე გადის, იქ სადაც ფულია და ფეხბურთის მმართველი ორგანოები, უბრალოდ ქვეყნების რიგით გულშემატკივრის ინტერესს აიგნორებენ და ხელს ლოკალური ფედერაციების ნებისაკენ იშვერენ, საქართველოს ფუტსალის ნაკრების მიმართ განხორციელებული ეს სამაგალითო სასჯელი, ხომ არ არის დიდი (საფეხბურთო ტრადიციებს ვგულისხმობ) ქვეყნებისთვის მარტივად, კოჭის გაგორება. სხვა მხრივ არ მესმის, როგორ გინდა სათაო ოფისს, რომელიმე ქვეყანაში, სპორტის სახეობა პოპულარული გახადო, თუ განვითარებისთვის და ფეხბურთი მარტივად, სანახაობაა ემოციით აღსავსე, რომელიც თუ არ გაქვს, უნდა ჩვევაში გადავიდეს და ამას წლები სჭირდება, ყველა საჭიდი ხელიდან გამოაცალო?
თუმცა, რაც არ გკლავს გაძლიერებს. ჯერ კიდევ სომხეთთან მატჩამდე, საქართველოს ნაკრებმა იცოდა ხვედრი, თუმცა, გასაჩივრებულის პასუხს ელოდა. პასუხი, სიმართლე გითხრათ, ახლაც არ ვიცი რა არის. თუმცა, გუშინ, უეფა-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე, ფუტსალის განყოფილებაში „შებორიალებულმა" ის რეალობა აღმოვაჩინე, რის შესახებაც ეს სტატიაა. ფაქტია, რომ სომხებთან ყურებჩამოყრილი თამაშის შემდეგ, სულ რამდენიმე დღეში, ავთანდილ ასათიანის გუნდმა იპოვა ძალა და პორტუგალიელებს ქართულის გაკვეთილი ჩაუტარა. იმედია, ეს იყო სიგნალი ფუტსალის სამყაროსთვის, რომ ჩვენ წაგვაქციეთ, მაგრამ ვცოცხლობთ, ვსწავლობთ და მოვდივართ!