ახლო წარსულის და გარემოს ანალიზი, სწორი გათვლა და ფეხბურთის სიყვარული
ახლო წარსულის და გარემოს ანალიზი, სწორი გათვლა და ფეხბურთის სიყვარული
24.01.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

არ ვიცი დაკვირვებულხართ  თუ არა, მაგრამ როდესაც სხვა რაიმე თემის გადაფარვა უნდათ, წინ ისეთ ობიექტს წამოწევენ ხოლმე და ეს, ერთ-ერთი ცნობილი ხერხია PR-ტექნოლოგიებიდან, რომელიც მასებზე კარგად „იყიდება" და კონკრეტულ მომენტში სხვა სალაპარაკოდან დროებით მაინც გადაიტანს თქვენს ყურადღებას. მნიშვნელობა არ არის გადასაფარი თემა პოლიტიკურია, ეკონომიკური, სოციალური თუ, სპორტული. ჰო, ეს უკანასკნელი და მითუმეტეს, თუკი საქმე ფეხბურთს ეხება, ფეხბურთი კიდევ ყველას „ესმის" და „იცის" ამ წილხვედრში და თანაც, ყველა „თამაშობდა" ან „გულშემატკივრობდა", ასეთი, ამ ქვეყანაში მხოლოდ, „დინამო თბილისია". უყვართ ეს გუნდი, თუ ფეხის ფრჩხილიდან თმის ღერამდე სძულთ და ამ ბოლო დროს, ძალიან ბევრი (ვინც ვერ მოხვდა, ან აღარ არის კლუბში) უკვე დაუფარავად და  ქრონიკულად ყველაზე ტიტულოვანი გუნდის თემის გარშემო სვავებივით ტრიალებენ. მსგავსი გარემოება კი, აღიარებენ ამას თუ არა, სწორედ ამ კლუბის პირველობაზე მიუთითებს. თუმცა, ეს სხვა თემაა...


ბუნებრივია, ყველაზე ტიტულოვანი და ისტორიული კლუბი, სხვასავით ცოცხალი „ორგანიზმია" და შესაბამისად, რყევები იქაც არის და მასაც უჭირს ხოლმე, როგორც ფინანსურად, ასევე მორალურად. „დინამო თბილისს", ფინანსურად, განსაკუთრებით ბოლო წლებში გაუჭირდა. რა დასამალია და სწორედ, ზემოთ ხსენებული ისტორიიდან გამომდინარე, ფეხბურთელებს და მათ აგენტებს, „მადა", „დინამო თბილისის" გაგონებაზე ეხსნებათ, როგორც ქართველებს, ასევე უცხოელებს. „საბანი სადამდეც გაგწვდებოდესო", იმედია ამ თაობას, ერთხელ მაინც გაუგია ეს გამოთქმა, თუ არა და მაინც, სანამ ჩვენ შუა ასაკის მშობლები ცოცხლები ვართ, კითხეთ შინაარსი, გამოგადგებათ. ჩემს თაობას ეს არ ეხება, რადგან მადა ისე აქვთ „ჩახსნილი", რომ ზომა-წონა არ იციან და ეშმაკსაც მიჰყიდიან თავს, თუკი ის შემოუვლით.


ბუნებრივია, იაფფასიანმა ფეხბურთელმა (ლეგიონერმა, როგორებიც ოხრად არიან ქართულ გუნდებში) შესაძლოა რომელიმე თამაშში ჟანგიანი თოფივით გაისროლოს და ისიც, ქართული პირველობის დონეზე, თუმცა, ევროსარბიელზე ცოტა სხვა ფსიქოლოგიური დატვირთვაა და თუკი, ერთხელ მაინც მშობლიური გუნდის მონაწილეობით (არა სანაკრებო, ის სხვა მოცემულობაა) მსგავს ტურნირზე გასვლით თამაშს არ დასწრებულხარ, ლაპარაკი ცოტა ზედმეტია. ასე თუ ისე, რატომ შეიქმნა ფინანსური პრობლემები, კლუბის პრეზიდენტი, მიზეზების ახსნას ქართულ მედიასთან საუბრისას შეეცადა. წაკითხულის და მოსმენის თემიდან აზრის გამოტანასთან (საკმაოდ აკენწლილი თემა იყო სოცქსელებში) მაქვს ახლა საქმე და ამას, ცოტა ფიქრი და გააზრება სჭირდება. არის თემები, რომელიც სტროფებს შორის უნდა იკითხო, თუმცა, ამის გაკეთება ყველას არ შეუძლია. ტალახის სროლა კი, ძალიან მარტივია.


ამ სტატიაში მე არ ვაპირებ არც ვინმეს გაკიცხვას, არც დაცვას და არც რაიმეს მტკიცებას. უბრალოდ კითხვებზე, რომლებიც წამიჭრა, მეც მაქვს საკუთარი მოსაზრება. დავიწყებ ინფრასტრუქტურიდან, ადგილიდან, რომელიც თუნდაც ჩემი შატალოების თავშესაფარი იყო, იმ საუკუნის 80-იან წლებში და ბევრისგან განსხვავებით ბაზაზე შემესვლებოდა. ანუ იმ დროიდან როდესაც, საფეხბურთო და საკალათბურთი ბაზები ერთი მთელი ორგანიზმი იყო. მას შემდეგ რაც ეს ბაზები გაიყო და ფეხბურთმა დამოუკიდებლად გააგრძელა არსებობა, ბაზას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. რეალურად, შენობის ძველი ჩონჩხი ახლებურად შეიმოსა. სამუშაოებზე დაახლოებით 10 მილიონზე მეტი დაიხარჯა და ხარჯი სრულად, კლუბის დღევანდელი პრეზიდენტის ანგარიშიდან დაიფარა. სოცქსელში გაიჟღერა აზრმა, თითქოს, კლუბის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე თბილისის მერიას ჰქონდეს ჯიბეზე ხელი გაკრული, თუმცა, დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ასე არ ყოფილა. მერიამ, საკმაო თანხა დახარჯა და ახლაც, პროცენტულად წილის მფლობელია „დინამო არენის" და რეაბილიტაციისთვისაც თანხას, პერმანენტულად გამოჰყოფდა ხოლმე, 90-იანი წლებიდან. თუმცა, ყველაზე დიდი ფინანსური ხარჯი, თბილისის მერიამ, 2015 წლის უეფა-ს სუპერ თასის თამაშისთვის გაიღო. ბოლო, რეაბილიტაცია, რომელიც სტადიონს ჩაუტარდა, უეფა-სთან ერთობლივი იყო.


თბილისის მერია, „დინამოს აკადემიის" კუთხითაც შეიძლება სადმე, საბუთში იპოვი, რადგან მერია, უფრო სწორად მერიის სპორტის სამსახური, სხვადასხვა ასაკობრივი ტურნირების პარტნიორია, რომელიც აკადემიაში პერმანენტულად ტარდება.


კიდევ ერთხელ, სანამ სტატიის ბოლომდე ჩახვალთ, მინდა გაგიმახვილოთ ყურადღება, რომ ეს არ არის „გაპრავება", არამდე, უბრალოდ, ფაქტებს კონსტატაციაა, ისიც არა სიღრმისეულად, რადგან უბრალოდ ეს ჩემი მოსაზრებაა, თემის უფრო სიღრმისეული (თუნდაც, შიგნიდან დანახულის) ცოდნის და სათქმელი, არ სათქმელიდან გამომდინარე.


რამდენიმე კვირის წინ, კალათბურთში, საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ყოფილმა წევრმა, „დინამოსა" და „ვითას" ყოფილმა კალათბურთელმა, მამუკა ტურაშვილმა, განგაშის ზარი შემოჰკრა - ვინმეს მედიას, გულშემატკივარს გაინტერესებთ, სად წავიდა „დინამოო". კალათბურთის „დინამოზეა" საუბარი. ბუნებრივია, იყო ისეთივე სიჩუმე და იგნორი საზოგადოებისგან, მედიისგან, სპეციალისტებისგან, როგორც ეს 2019 წელს იყო, როდესაც ევროტურნირზე თამაშის წინა დღეს, საკალათბურთო კლუბ „დინამო თბილისს" შენობა (სათამაშო დარბაზისა და ერთი გასახდელის გარდა) დაულუქეს და ანგარიშები დაუყადაღეს. გუნდი იმ დღეს, მატჩის წინა ვარჯიშზე მიდიოდა. სულ რამდენიმე დღეში, კლუბში ახალი მფლობელი, ჩემთვის სათაყვანებელი ზაზა ფაჩულია გამოჩნდა, ზაზას მენეჯმენტში შიო ხეცურიანი მოჰყვა (სამშენებლო კომპანია „არქი"), კალათბურთელი, რომელსაც ასევე ძალიან დიდ პატივს ვცემ. თითქოს საქმეები უნდა გამოსწორებულიყო და „დინამოში" აღმავლობა დაწყებულიყო, შეკეთებულიყო საწვრთნელი ბაზა, რომელიც არანაირ კრიტიკას არ უძლებდა. უბრალოდ, კლუბის ძველ მფლობელებს, ამის გაკეთების ფინანსური შესაძლებლობა არ ჰქონდათ, რადგან მთელი თანხა, რომელიც ვატო ნაცვლიშვილს ჰქონდა სესხად აღებული, საკლუბო ხარჯებზე იწერებოდა, რომ გუნდს ეარსება. გუნდი არა მხოლოდ არსებობდა, ის უძლეველი იყო ეროვნულ ჩემპიონატზე.  დღეს, სად არის საკალათბურთო კლუბი თბილისის „დინამო"? აღარ არის! არის მხოლოდ რაღაც ასაკობრივი გუნდი და სკოლის ნარჩენი. უბანში კიდევ, აქტიურად ლაპარაკობენ, რომ საკალათბურთო ბაზა იყიდება და იქ, კორპუსები უნდა ჩადგეს.


ჰო, ყველას ავიწყდება, რომ „დინამოს" საწვრთნელი ბაზის გვერდით, არის „ავაზაც", რომელიც მერიამ თუ სწორად მახსოვს, ფედერაციას გადასცა, თუმცა, თუკი საკალათბურთო ბაზას ფუნქცია შეეცვლება და იქ, კორპუსების მშენებლობაც დაიწყება, გინდა არ გინდა, გაქრება თბილისისთვის კიდევ ერთი ისტორიული საფეხბურთო სივრცე, „ავაზას" სკოლა, რომელიც ლეგენდარული მიშა მესხის სახელს უკავშირდება...


ახლა, ლოგიკურად მივედით იმ კითხვამდე, უნდა გადავიდეს თუ დარჩეს, „დინამო თბილისის" ბაზა იმ ადგილას, სადაც ჩემი ბავშვობის ყველაზე კარგი წლები მაკავშირებს. აბსოლუტურად ვეთანხმები ვლადიმერ გუცაევს, რომელიც თვლის, რომ საწვრთნელი პროცესი უნდა მშვიდ გარემოში ტარდებოდეს, ისეთში, როგორშიც თუნდაც, თვითონ ვარჯიშობდა. ამას გარდა, მედია მყავს მხედველობაში, ვისაც წინასამატჩო დღე გაგიშუქებიათ, იცით, რომ გუნდებს პირველი 15 წუთი აქვთ  „ღია" (საკალათბურთოს ბოლო 15), შემდეგ ვარჯიში „იხურება". ამ დროს, გუნდები ტაქტიკურად ვარჯიშობენ, ანუ ამუშავებენ იმ ელემენტებს, რომელიც მეტოქემ არ უნდა იცოდეს. ახლა წარმოიდგინეთ „დინამო თბილისის" ბაზა. რეალურად, გარშემო სოკოებივით ამოსული შენობების აივნებიდან ვარჯიშზე ხარ! კორპუსები ისეა განლაგებული, კარგ ზუმიანი ლინზით, ტაქტიკური სქემის მონახაზსაც მშვენივრად გადაიღებ და რომელი ფეხბურთელი სად და რა ვითარებაში  „ჭედავს", იმასაც ზედმიწევნით შეისწავლი. ბუნებრივია, ეს „შპიონური თამაშები" ვინმეს შესაძლოა გადამეტებულად ეჩვენოს, მაგრამ ფაქტია, ამ მომენტში, „დინამო თბილისის" საწვრთნელი ბაზის გარშემო, ეს მდგომარეობაა და ამას, ვერ გავექცევით.


შესაბამისად, ჩემი აზრით, საწვრთნელი ბაზა უფრო წყნარ გარემოში, მართლაც გადასატანია. თუკი იმ ბაზასთან 15000-იანი პატარა სტადიონიც იარსებებს, უფრო უკეთესი. ეროვნული ჩემპიონატის მატჩებისთვის „დინამო თბილისს" მეტი არც სჭირდება. რაც შეეხება ბაზას, „სტუდენტური ქალაქი" გაშენდება იქ  თუ, ისტორიულ შენობაში მუზეუმი დაიდებს ბინას, შენობა, უნდა დარჩეს იმ სახით, როგორც არის წითელი ფერის აგურით ნაშენები, ყველასთვის საყვარელი სივრცე.  ამავდროულად, ალბათ, ანალოგიური უნდა გაკეთდეს, საკალათბურთო ბაზაზეც. მოკლედ, თუ ვინმე „ფულიანს", ან სახელმწიფოს შეეძლება ამის გაკეთება და კორპუსომანიის ნაცვლად, ამ მიმართულებით წავა, „დინამოების" დღევანდელ ტერიტორიებსაც იხსნის, „ავაზას" სკოლასაც და აწ, უკვე განიავებულ „ლოკომოტივის" სივრცის რეაბილიტაციასაც მოახდენს ერთვარად. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ამ გაყოლებაზე ძიუდოს აკადემიაა, შესაძლოა საკმაოდ კარგი და მძლავრი სპორტული კომპლექსის გაშენება.


რაც შეეხება აკადემიას, მგონი, დავაც ზედმეტია, რომ აკადემიაში, ქართული ფეხბურთის სასიკეთოდ, ენით აუწერელი საქმე კეთდება. ერთი მაგალითი - რაც არ უნდა დაიჩემონ და აპიარონ, სწორედ, ამ აკადემიის აღზრდილია „კვარა" და დღეს, „დინამო თბილისის" აკადემიაში, ძალიან ბევრი ბავშვია, ვინც ასაკთან შესაბამისად, ხვიჩას მონაცემებს უტოლდება, ან შესაძლოა მეტიც არის.


და ბოლოს, კლუბი, უნდა გაიყიდოს თუ არა? კლუბს ჰყავს მეპატრონე, რომლის გადასაწყვეტიც არის ეს კონკრეტული საკითხი. ალბათ, ის რომ ფეხბურთის ქართველი ქომაგის ოცნება ახდეს, ქვეყანაში სადაც სასპონსორო კულტურა რეალურად არ არსებობს, კლუბის მმართველობაში, უნდა გაჩნდეს ძალა, რომელიც აღნიშნული საკითხის ერთწლიანი მოგებისთვის არა, მრავალწლიანი გათვლით შემოვა. ამასთან, მსგავსი გათვლებით უნდა სხვა კლუბებმაც იფიქრონ, რადგან თუ გვინდა „ევროპები", მაშინ მხოლოდ, ოთხი გუნდი არ უნდა გავთვალოთ „ევროპისთვის" და სრულად, ეროვნული ჩემპიონატიც თუნდაც, ექსტრაკლასას დონეზე ავიყვანოთ. ეს, მხოლოდ ფედერაციის მოსაგვარებელიც არაა, რადგან კლუბების განვითარების დონე, სწორ გათვლებზე, „საბნების გაწვდომაზე" და მარტივად, ფეხბურთის სიყვარულზეა დამოკიდებული.