მისი თამაში პირველად 90-იან წლებში ვნახე, როდესაც დამოუკიდებელი ქართული კალათბურთი ფეხს იდგამდა და იმ გაჩერებულ ყოფაში „გადარჩენას" ცდილობდა. ვინც კალათბურთს, სწორედ იმ დროიდან ქომაგობს, ემახსოვრება ვერის ბაღში, თბილისის სპორტის სასახლეში ჩატარებული ბევრი თამაში. თქვენ წარმოიდგინეთ და ბავშვები განსაკუთრებით, არადედაქალაქურ კლუბებში, ცდილობდნენ საკუთარი ქალაქის გუნდის მოთამაშეებს დამსგავსებოდნენ. მაგალითად, ესროლათ ბევრი და დასამახსორებელი სამ-ქულიანი. ერთ-ერთი ასეთი მისაბაძი, რამაზ გოგობერიშვილი იყო. სხვთა შორის, სწორედ ეს მომენტი გაიხსენა დღეს, საკალათბურთო კლუბი „რუსთავის" სოციალურ გვერდზე გამოქვეყნებული სტატუსის კომენტარებში, ერთ-ერთმა ქომაგმა, რომელმაც საკუთარი დამოკიდებულება, აღნიშნული საკალათბურთო კლუბისა და ოჯახში დატრიალებული ტრაგედიის გამო გამოთქვა.
როგორც საკალათბურთო კლუბი „რუსთავი" იტყობინება დღეს, 51 წლის ასაკში ვეტერანი რუსთაველი კალათბურთელი და საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი, საქართველოს სამგზის ჩემპიონი რამაზ გოგობერიშვილი მოულოდნელად გარდაიცვალა.
რამაზ გოგობერიშვილი 16 წლისა თბილისის "დინამოს" დუბლებში, ხოლო 17 წლისამ "დინამოს" ძირითად გუნდში დაიწყო თამაში. რამაზი იმ კალათბურთელთა რიცხვს ეკუთვნის, რომელსაც საბჭოთა კავშირის ჩემპიონატზეც მოუწია თამაში.
დამოუკიდებელი საქართველოს ჩემპიონატში „გოგობერამ" სამ კლუბში ითამაშა: რუსთავის „აზოტში" (მოგვიანებით „ენერჯი-ინვესტი"), ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდში „სტუ-ჯეოსელი" და თბილისის „დინამოში". თუმცა, მისი სახელი ქართულ კალათბურთში მაინც რუსთაველთა რიგებში ჩატარებული თამაშებიდან დაგვამახსოვრდა.
რამაზი, იმ ქართველ კალათბურთელთაგანაც ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ლეგიონერის ხვედრი გამოსცადა. 90-იანი წლების შუა წლებში, თამაშობდა საბერძნეთის „პაოკსა" და „მენტში", ასევე გამოდიოდა პორტუგალიის უმაღლესი ლიგის კლუბ „ავეიროში".
იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი 19998-2002 წლებში. თამაშობდა სსრკ-ს ასაკობრივ ნაკრებებშიც. იყო საქართველოს სამგზის ჩემპიონი, ორგზის თასისა და ორგზის სუპერთასის მფლობელი. დუდუ დადიანისა და ქორქია-საკანდელიძის მემორიალის სამგზის გამარჯვებული.
ჩვენი გვერდი თანაუგრძნობს რამაზ გოგობერიშვილის ოჯახს, მეგობრებს, რუსთაველ ქომაგებსა და ქართულ საკალათბურთო საზოგადოებას.
ფოტო: საკალათბურთო კლუბი რუსთავი