ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობას საქართველოს წარმომადგენლები დღეს შეუდგნენ, თუმცა, ტრამპლინიდან მხტომელები და მოციგავეები თამაშებს სტარტზევე დაემშვიდობნენ. ახლა ქართული გუნდიდან სამი მონაწილე რჩება ვინც სამხრეთ კორეაში ასპარეზობას აგრძელებს. მათ შორის ერთი საბა ხაჩიძე ხვალ, 21 იანვარს, ინდივიდუალურ ციგაობაში სცდის ძალებს. 27 და 28 იანვარს კი, მოციგურავეები, თავდაპირველად კონსტანტინე სუპატაშვილი, მომდევნო დღეს კი, ინგა გურგენიძე წარსდგებიან გულშემატკივრის წინაშე მოკლე პროგრამით.
დღეს კი, განგვონში მიმდინარე ზამთრის მეოთხე ახალგაზრდული ოლიმპიურ თამაშების პირველ საშეჯიბრო დღეს, ტრამპლინიდან ხტომაში გიორგი დიაკონოვმა, პირველ ცდაზე 63,5 მეტრზე (23,6 ქ) გადახტომა მოახერხა და 39-ე ადგილზე აღმოჩნდა. ჩვენს სპორტსმენს, მეორე მცდელობა უკეთესი გამოუვიდა, ნახტომი 77,5 მეტრზე (49,3 ქ) შეასრულა და (49,3 ქ) და 32-ე ადგილი დაიკავა. თუმცა ჯამში დაგროვილი 72,9 ქულით ასპარეზობა 36-ე ადგილით დაასრულა.
სამწუხაროდ, წარუმატებელი გამოდგა ტრამპლინიდან ხტომაში, ქართული გუნდის წარმომადგენლის, ესმირალდა ალიევას გამოსვლა, რომელიც ასპარეზობას საწყის ეტაპზევე გამოეთიშა, ისევე, როგორც ორადგილიანი ციგით მოასპარეზე საბა ხაჩიძისა და ლუკა მიქაბერიძის წყვილისთვის, რომლებმაც პირველი მცდელობისას ვერ დაასრულა გამოსვლა.
ფოტო: © სეოკ