დღეს, „ალიანს არენა" არ იყო ისე გადავსებული, როგორც ამ სტადიონს ჩვევია, თუმცა, კაიზერის გამოსამშვიდობებელ „მატჩზე" მოსული გულშემატკივარი, დაახლოებით 40000 ადამიანამდე, აშკარად უფრო მეტი იყო, ვიდრე გუშინ, საუდის არაბეთში, იტალიის სუპერ თასის 1/2 ფინალურ შეხვედრაზე, „ნაპოლისა" და „ფიორენტინას" შორის. ეს ყველაფერი კი, იმის გათვალისწინებითაც, რომ პარასკევი დღე იყო და ლეგენდასთან გამოსამშვიდობებლად დრო, 15:00 საათი შერჩეული. „ბაიერნის" ინიციატივით, ფრანს ბეკენბაუერთან დამშვიდობების ცერემონიის ხილვა, უფასო ინტერნეტ-ბმულით, სრულიად მსოფლიოს შეეძლო. რადგან იტალიური თემატიკით დავიწყეთ სტატია, ვიტყვით, რომ იტალიური მოტივები, რეკორდმაისტერის მიერ ორგანიზებულ საღამოზე მაინც იგრძნობოდა. უფრო მეტიც, იტალიური ოპერებიდან შესრულებული კომპოზიციების შემდეგ, იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ „ბოლო მატჩი" ფრანცის გუნდმა იტალიურთან ჩაატარა.
„ფრანცი, მისი გულიდან გამომდინარე, ყველას მეგობარი იყო. ეს იყო ის თვისება, რაც მისი პერსონას უნიკალურს ხდიდა. ის იქნებოდა მადლობელი იმის გამო, რომ დღეს აქ, ამდენი ადამიანი მოვიდა", - ამბობს, ჰერბერტ ჰაინერი, „ბაიერნის" პრეზიდენტი.
გერმანული და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდასთან გამოსამშვიდობებლად მოვიდნენ უეფა-სა და ფიფა-ს პრეზიდენტები, წარსულში და თანამედროვე „ბაიერნისა" და გერმანიის ნაკრების ფეხბურთელები, ოფიციალური პირები და რიგითი გულშემატკივარი, ფრანც ბეკენბაუერის ოჯახის წევრები და ნათესავები.
5 დროშა, „ბაიერნის" სიმბოლიკით, რომელიც კლუბის ფანებს სხვადასხვა წლებში ტრიბუნებზე აუფრიალებიათ. წითელი ვარდებით დამზადებული რიცხვი „5". ბევრი თაიგული მინდვრის ცენტრში და უზარმაზარი მონიტორები, სადაც ფრანცის ცხოვრების ამსახველ კადრები გადიოდა.
„ყველაზე მეტად, რაც ფრანცს ახასიათებდა იყო ჩვევა ეზრუნა სხვებზე. როდესაც პრობლემა გქონდა, მიდიოდი ფრანცთან და ეს იყო მისთვის სახასიათო. ის იყო მოკრძალებული ადამიანი, რომელიც ყოველთვის მზად იყო დასახმარებლად. თუ მე არ ვიცოდი ბურთს როგორ მოვპყრობოდი, ის ყოველთვის უსაფრთხო იყო ფრანცთან", - ამბობს ული ჰენესი, „ბაიერნის" საპატიო პრეზიდენტი.
ბურთი არ გაუგორებიათ, თუმცა, „ალიანს არენას" დერეფანი და ცნობილი კიბე, თაიგულებით ხელში დღეს, გერმანული ფეხბურთის 11-მა ლეგენდამ აიარა. ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიან სტადიონზე, დღეს, მადლობას მხოლოდ დიქტორი იხდიდა, ისე, რომ პასუხადაც, მხოლოდ აპლოდისმენტებს ისმენდა.
ფრანს ბეკენბაუერი საგვარეულო სასაფლაოზე, ვიწრო წრეში გამართულ ცერემონიაზე დაკრძალეს, თუმცა, დღევანდელი ცერემონია, ყოველ შემთხვევაში ევროპაში საკმაოდ გრანდიოზული იყო.
ფოტო: © FC Bayern