კვარაცხელიას „ნაპოლი“ მეტოქის მოლოდინშია
კვარაცხელიას „ნაპოლი“ მეტოქის მოლოდინშია
19.01.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ცარიელი სტადიონი, ვივალდის „წელიწადის დრონი", ფოიერვერკი და ორგანიზატორების მცდელობა  საუდის არაბეთში, ელ-რიადში მიმდინარე იტალიის სუპერთასის ოთხთა ტურნირის გახსნის ცერემონია გულშემატკივარს კარგად დამახსოვრებოდა. თუმცა, ჩვენი აზრით, ზემოთ ხსენებულ ამ ღონისძიებაზე მეტად, ფეხბურთს, მითუმეტეს იტალიურს, საფეხბურთო მატჩი, სავსე ტრიბუნების ფონზე უფრო მოუხდებოდა.

ასეა თუ ისე, საუდის არაბეთში, თურქეთის სუპერ თასის ჩაშლილი ფინალის შემდეგ, იტალიელებმა, ფეხბურთის თითზე ჩამოსათვლელ გულშემატკივარს და ალბათ, უფრო შეიხებს, დღეს იმედები არ გაუწბილეს.


იტალიის სუპერთასის პირველ 1/2 ფინალში, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი", სერია A-ს მოქმედი ჩემპიონის სტატუსით, „ფიორენტინას" დაუპირისპირდა. ნაპოლელებმა, პირველი გოლი „კვარას" მონაწილეობით გაიტანეს. გოლი სიმეონეს ანგარიშზეა. ტაიმის მიწურულს „ფიორენტინას" გათანაბრების კარგი შანსი ჰქონდა თუმცა, პენალტი გააფუჭეს. იკონემ ცარიელ ტრიბუნებზე გაუშვა ბურთი. მეორე ტაიმში, შეცვლაზე შესულმა ძერბინიმ, 3 წუთიან მონაკვეთში 84-ე და 87-ე წუთებზე ორი გოლი გაიტანა, 3-0 გაიმარჯვა, ფინალში გავიდა და ახლა,  „ინტერისა" და „ლაციოს" წყვილში გამარჯვებულს ელის, რადგან 22 იანვარს, ფინალში დაუპირისპირდეს.


აღსანიშნავია, რომ თამაშზე ბევრმა იტალიელმა ქომაგმა ვერ მოახერხა გამგზავრება. შესაბამისად, მათ, ფეხბურთის სპეციალისტებს და ალბათ, ბევრს საფეხბურთო წრეებში ებადებათ კითხვა, მსგავსი თამაშების გატანა არაბულ ქვეყნებში, რეალურად წაადგება ფეხბურთის განვითარებას თუნდაც, კონკრეტულ რეგიონში, თუ, ეს არის ერთადერთი გამოსავალი  და თანამედროვე ფეხბურთში საინვესტიციო თანხების მოსაზიდი ხრიკი. ბოლოს, ალბათ, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ იტალიის სუპერ თასის საპრიზო ფონდი La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, 8 მილიონ ევროს შეადგენს.


ფოტო: ©SSC Napoli