საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატი 2024 წლის 1 მარტს აიღებს სტარტს. ახალი სეზონი, ოფიციალურად ბათუმში აჭარაბეთ არენაზე, შავი ზღვისპირული დერბით დაიწყება. საქართველოს ჩემპიონი ბათუმის „დინამო", ძლიერთა შორის დაბრუნებულ ფოთის „კოლხეთი 1913"-ს შეხვედება. ეროვნული ლიგის ახალი სეზონის პირველი ტური სამ დღეზეა გადანაწილებული, გახსნითი თამაშის გარდა, ტურის კიდევ ოთხი მატჩი 2 და 3 მარტს გაიმართება.
2 მარტს, „ტორპედო"-„სამტრედიას", „საბურთალო" კი, „თელავს" დაუპირისპირდება. ტურის ბოლო შეხვედრები 3 მარტს არის ჩანიშნული. ამ დღეს, გორის „დილა" „გაგრას" უმასპინძლებს, „დინამო არენაზე" კი, „დინამო თბილისი" წყალტუბოს „სამგურალს" უმასპინძლებს.
მანამდე კი, სფფ ეროვნულ ლიგაში და ლიგა 2-ში მოასპარეზე კლუბების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრებს მართავს. დღეს, სასტუმრო „პარაგრაფში", ფედერაციის ხელმძღვანელობა კლუბების წარმომადგენლებს შეხვდა. სხვადასხვა განსახილველი საკითხების გარდა, სფფ-სა და კლუბების შეხვედრაზე, პროფესიულ კლუბთა გაერთიანების ჩამოყალიბების შესახებაც იმსჯელეს. აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით კომენტარი სფფ-ს გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა გააკეთა.
„სასიამოვნოა, რომ ბევრი გუნდი გამოვიდა ინიციატივით. ფეხბურთის ფედერაცია და აღმასრულებელი კომიტეტი ეცდება, რომ კლუბების სურვილები მაქსიმალურად დაკმაყოფილდეს. ერთ-ერთი ინიციატივა პროფესიული ფეხბურთის ლიგის შექმნას ეხებოდა. რამდენიმე კლუბმა გამოთქვა სურვილი, თუმცა ამას გარკვეული დრო და შესაბამისი გარანტიები სჭირდება. ფეხბურთის ფედერაცია ხელს შეუწყობს ამ წამოწყებას, თუმცა არსებობს გარკვეული პასუხისმგებლობა და ვალდებულებები, რომელიც ამ ორგანომ უნდა აიღოს საკუთარ თავზე. თუმცა, მთავარია, რომ ოცივე კლუბი შეთანხმდეს და ერთობლივად მოქმედებდეს. მივესალმებით ამ წამოწყებას და ყველანაირად ხელს შევუწყობთ ამ პროექტის განხორციელებას", - აღნიშნა დავით მუჯირმა.
სფფ-ს ფოტო