გიორგი ჩიტაურის გუნდმა მორიგი სპარინგები წაუგებლად ჩაატარა
გიორგი ჩიტაურის გუნდმა მორიგი სპარინგები წაუგებლად ჩაატარა
18.01.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

მაშინ, როდესაც საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საგზურისთვის იბრძოლებს, საქართველოს 17-წლამდე ვაჟთა ნაკრები, ევროპის 17-წლამდეთა ჩემპიონატის ელიტ რაუნდში მიიღებს მონაწილეობას. ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად, ჩვენი გუნდი  20-დან 26 მარტის ჩათვლით საქართველოში თურქეთს, დანიისა და სერბეთის ნაკრებებს უმასპინძლებს.

20 მარტი / საქართველო - სერბეთი

23 მარტი / საქართველო - თურქეთი

26 მარტი / საქართველო - დანია


ტურნირის დებულების თანახმად, ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფებში გამარჯვებულები და 7 საუკეთესო შედეგის მქონე მეორეადგილოსანი გუნდი გავა. იმედია გიორგი ჩიტაურის ნაკრები აღნიშნულ გუნდებს შორის იქნება. მანამდე კი, 2024 წელს საქართველოს ეს ასაკობრივი ნაკრები მოსამზადებელ ციკლს კვიპროსზე იწყებს.


საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა 2024 წლის 16 და 18 იანვარს, ნიქოზიაში, კვიპროსელ თანატოლებთან ორი ამხანაგური შეხვედრა გამართა. ისევე როგორც გასული წლის ბოლო ორი სპარინგი, რომელიც ჩიტაურის გუნდმა თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარა, ჩვენებმა ამჯერადაც ერთი მატჩი ფრედ 1-1 დაასრულეს მეორეში კი 1-2 გაიმარჯვეს.




ორივე შეხვედრაში, ანგარიში კვიპროსელებმა გახსნეს პირველივე ტაიმში, თუმცა, საქართველოს ნაკრებმა ორივე თამაშში, სტატუს-კვო მალევე აღადგინეს. პირველ შეხვედრაში ნიკოლოზ ელისაშვილის გადაცემით, გოლი ნიკოლოზ ჩიქოვანმა გაიტანა.


რაც შეეხება მეორე მატჩს, აქ, ჩიტაურის შეგირდებმა ანგარიში გიორგი გონსალვეჩ ჩუბინიძის გოლით გაათანაბრეს, რომელიც ჩვენმა ფეხბურთელმა გიორგი მჟავანაძის გადაცემის შემდეგ გაიტანა. გამარჯვების გოლი კი, შეხვედრის 90-ე წუთზე გავიტანეთ. ამჯერად ჩიქოვანის გადაცემის შემდეგ, დავით გოგილაშვილმა მოახერხა კუნძულელთა კარის აღება.


კვიპროსის შეკრებაზე, საქართველოს ნაკრები შემდეგი შემადგენლობით იყო წასული: მეკარეები: საბა ასანიძე (სულაქველიძის აკადემია), გიორგი ყავლაშვილი („როიალ ანტვერპენი"); მცველები: საბა ხარებაშვილი („დინამო თბილისი"), გიგი გლუნჩაძე („დინამო თბილისი"), ალექსანდრე ამისულაშვილი („საბურთალო"), დაჩი გოგოლი, გიორგი გვასალია („დინამო თბილისი"), შოთა დიაკონიძე („დინამო თბილისი"); ნახევარმცველები: ნიკოლოზ სურგულაძე („საბურთალო"), ნიკოლოზ ჩიქოვანი („დინამო თბილისი"), ნიკოლოზ ელისაშვილი („დინამო თბილისი"), ლუკა წულაია („დინამო თბილისი"), რევაზ დანელია („დინამო თბილისი"), დავით გოგილაშვილი („საბურთალო"), ლუკა ლაშხია („მარტვილი" მერანი), საბა ნიორაძე („სელერო"), გიორგი ჩუბინიძე („ბორნმუთი", ინგლისი), სანდრო რატიანი („საბურთალო"); თავდამსხმელები: ჰალიდ დოლტმურზიევი („ბრიუგე:, ბელგია), გიორგი მჟავანაძე ("საბურთალო").



ფოტო: სოფო კონიაშვილის