ქართველი ხელბურთელები მოქმედ ჩემპიონთან დამარცხდნენ
ქართველი ხელბურთელები მოქმედ ჩემპიონთან დამარცხდნენ
14.01.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის სადებიუტო ჩემპიონატის ჯგუფის მეორე შეხვედრაშიც დამარცხდა 26-42 (მატჩის სრული სტატისტიკა), თუმცა, ამ ორი შეხვედრიდან, გამოჩნდა ის ხარვეზები, მაგალითად, ისეთი დონის გუნდებთან, როგორებიც ნიდერლანდების და დღევანდელი მეტოქე, ევროპის მოქმედი ჩემპიონი შვედეთი იყო, სწრაფად უკან დაბრუნება და დაცვაზე გადაწყობა, რომელზეც აუცილებლად სამუშაოა. მიგვაჩნია, რომ დღევანდელ შეხვედრაში ჩვენს კარში გატანილი 42 გოლიც ამის დასტურია. ორი მარცხის მიუხედავად, დადებითი რაც ჯერ-ჯერობით ჩვენი გუნდის თამაშიდან გამოჩნდა, არის ის, რომ გუნდს უნდა ბრძოლა და შეძლებისდაგვარად ამას აკეთებს კიდეც. ამას გარდა, ისეთ მრისხანე მეტოქესთან როგორიც შვედეთი იყო, საწყისი წუთების დაძაბულობის შემდეგ, ახერხებს მობილიზებას და 26 გოლის გატანას.

ბუნებრივია, მაშინ როდესაც ჯგუფში სამი თამაში გაქვს ჩასატარებელი, მაქსიმალური შედეგის მისაღწევად, აქცენტს იმ გუნდზე აკეთებ, რომელთანაც მეტ-ნაკლებად თანაბრად შეგიძლია თამაში. ასეთი კი, ევროპის ჩემპიონატზე ბოსნიისა და ჰერცეგოვინას გუნდია, რომელმაც ჯგუფის მეორე შეხვედრა ნიდერლანდებთან წააგო 20-36 და ახლა, ჯგუფის ბოლო შეხვედრაში, 15 იანვარს, თბილისის დროით 21:00 საათზე საქართველოს ნაკრებს დაუპირისპირდება. ამ მომენტისთვის გატანილი გოლების წყალობით, საქართველოს ნაკრები სატურნირო ცხრილში ბოსნია და ჰერცეგოვინას ნაკრებზე წინაა და მესამე ადგილს იკავებს.




რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას შვედეთის ნაკრებთან, ტიტე კალანდაძის გუნდმა ჩვენი აზრით მეორე ტაიმი უკეთესად ჩაატარდა პირველ ტაიმში წაგებული (9-23) 14 ბურთიანი სხვაობის მიუხედავად მოახერხა და მეორე ტაიმში, მხოლოდ ორი ბურთით დათმო, 17-19, თუმცა, პირველი ტაიმის უპირატესობა, შვედებისთვის საკმარისი აღმოჩნდა თამაშის მოსაგებად და ალბათ, როგორც მოსალოდნელი იყო, ჯგუფის მოსაგებად. თუმცა, ჩვენს დღევანდელ მოწინააღმდეგეს, 15-ში საკმაოდ სერიოზული დაპირისპირება ელის ნიდერლანდებთან.


დღევანდელ შეხვედრაში, ისევე როგორც პირველში, ერეკლე არსენაშვილი 6 გატანილი გოლით და გიორგი ცხოვრებაძე გამოირჩეოდნენ, რომელიც დღეს მხოლოდ 5-ს დასჯერდა. 5 გოლი, ამასთან ყველა მეორე ტაიმში, გაიტანა გიორგი დიხამინჯიამაც. ევროპის ჩემპიონების კარში 3 გოლი გაიტანა თეიმურაზ ორჯონიკიძემ. 2-2 გოლი ირაკლი კბილაშვილისა და მირიან გავაშელიშვილის ანგარიშზეა. თითო გოლი ხაზეინ რუსტამოვმა, ირაკლი გოგოლაძემ და ზურაბ გოგავამ გაიტანეს. თუმცა, მათ გვერდით, აუცილებლად აღნიშვნის ღირსია ზურაბ ცინცაძე, რომელიც ჯგუფის პირველი თამაშისგან განსხვავებით დღეს, უფრო თავდაჯერებულად და მშვიდად გამოიყურებოდა და ბევრი კარგი ბურთის მოგერიებაც მოახერხა.




და ბოლოს, დღევანდელი თამაშიდან რამდენიმე მომენტი შესაჯამებლად - ვერ გამოვიყენეთ შანსი და საპასუხოდ მივიღეთ რამდენიმე გოლი საკუთარ კარში. მიუხედავად იმისა, რომ წინა შეხვედრა მცირე ტრავმის გამო ვერ ჩაასრულეს ცხოვრებაძემ და არსენაშვილმა, დღეს ორივე ხელბურთელი სრული დატვირთვით თამაშობდა. მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ დღევანდელ შეხვედრაში რიგ მომენტებში, მრისხანე მეტოქეს ფეხდაფეხ მივყევით.


შვედებმა, ჩემპიონატის ყველაზე მეტი გოლის გატანა სამწუხაროდ, ჩვენთან, დებიუტანტებთან მოახერხეს. მატჩის  MVP კი,  სებასტიან კარლსონი გახდა 7 გატანილი გოლით.


ფოტოები: © eurohandball.com / Kolektiff Images