ქართველმა წყალბურთელებმა ევროზე პირველი მატჩი მოიგეს
ქართველმა წყალბურთელებმა ევროზე პირველი მატჩი მოიგეს
13.01.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ხორვატიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. თუმცა, სამწუხაროა, რომ ამ მოგების შემდეგ, ჩვენები მხოლოდ 9 ადგილისთვის იბრძოლებენ ბოლო შეხვედრაში და შეეცდებიან, ევროპის ტოპ-8 გუნდთან მაქსიმალურად ახლოს იყვნენ.

დუბოვნიკში, სადაც ჩვენმა ნაკრებმა საასპარეზოდ გადაინაცვლა, მეტოქე გერმანიის ნაკრები იყო. დეიან სტანოიევიჩის  გუნდის ევროპის მიმდინარე ჩემპიონატზე გამოსვლიდან გამომდინარე გასაგები იყო მატჩის წინა სიფრთხილეც შეფასებებიდან. მაგალითად ის, რომ გერმანია ერთ დროს ევროპის ჩემპიონიც იყო და ოლიმპიურ თამაშებშიც მიუღია მონაწილეობა. თუმცა, დღევანდელ რეალობაში, ორივე გუნდს ერთ მოცემულობაში მოუხდა ასპარეზობა, და ევროპის ჩემპიონატის დარჩენილ თამაშებში, უფრო მაღალი ადგილისთვის ბრძოლა.


შეხვედრა საქართველოს ნაკრებმა, რომელსაც დღეს მარკო ელაჩა აკლდა, სწრაფი გოლით გახსნა. აქვე ვიტყვით, რომ პირველ პერიოდში, 8-ჯერ დავარტყით გერმანელთა და მხოლოდ ერთი გამოვიყენეთ, გერმანელებმა კი 6-დან ორი გოლი გაგვიტანეს. პირველი მონაკვეთიც 1-2 დასრულდა, გერმანელთა გამარჯვებით.  საქართველოს ნაკრებმა თამაში მეორე პერიოდში იგრძნო, როდესაც ანგარიში გავათანაბრეთ, ვაკო დადვანმა კი, საქართველოს ნაკრები წინაც გაიყვანა და საბოლოოდ, ეს მონაკვეთი 5-4 მოვიგეთ. შესვენებაზე კი, საყაიმო ანგარიშით 6-6 გავედით.


რეალურად, საქართველოს ნაკრებმა თანაბარი შეხვედრიდან სათავისოდ ბოლო პერიოდში გადაწონა, რომელიც 6 ბურთით მოიგო. საბოლოოდ, ჩვენმა ნაკრებმა 15-10 (1-2, 5-4, 2-3, 7-1 სტატისტიკა) გაიმარჯვა და უპირველესად, საკუთარი თავის რეაბილიტაცია მოახდინა.


საქართველოს ნაკრებიდან დღევანდელ შეხვედრაში გოლები გაიტანეს: ბესარიონ ახვლედიანმა (1), ვაკი დადვანმა (2), ნიკა შუშიაშვილმა (1), არწიომ დიხწიარენკომ (1), რევაზ იმნაიშვილმა (2), გიორგი მაგრაქველიძემ (1), დუშან ვასიცმა (5), შტეფან პიეშივაცმა (2).


ახლა, მე-9 ადგილისთვის საქართველოს ნაკრები საფრანგეთის ნაკრებს, 15 იანვარს შეხვდება, რომელმაც დღეს, ჰოლანდიელებს სძლია 16-9.


დღევანდელი გამარჯვების მიუხედავად, ფაქტია, რომ გუნდში მთელი რიგი პრობლემებია, რომელიც კვლავ ვიმეორებთ აღიარებას, გააზრებას, ანალიზს და გადაჭრას საჭიროებს. იმედია, ამ საკითხს, საქართველოს წყალბურთის „ოჯახი" აუცილებლად, საღი გონებით მიუბრუნდება და გადაჭრის.



ფოტო: საქართველოს საწყლოსნო სახეობათა ფედერაცია / თამარ ყულუმბეგაშვილი