ქართველი მოჭიდავეები ზაგრების საერთაშორისო ტურნირზე ასპარეზობენ
ქართველი მოჭიდავეები ზაგრების საერთაშორისო ტურნირზე ასპარეზობენ
12.01.2024
ავტორი: TSFF.GE

2024 წლის პირველი მედლები „მოჭიდავეთა ოჯახში" აკაკი ქემერტელიძის ანგარიშზეა. ქართველი 70 კგ წონით კატეგორიაში ზაგრების სარეიტინგო ტურნირის გამარჯვებული გახდა. თუმცა აქ ერთი დეტალია მნიშვნელოვანი, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ამ წონით კატეგორიაში, ქართული ფინალი შედგა, ქემერტელიძის მეტოქე გიორგი ელბაქიძე იყო, ასე, რომ ყველა ვარიანტში, ახალ საანგარიშო წელს, ყველა ვარიანტში, ოქროს, ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავე ჩადებდა.

ხორვატიაში მიმდინარე ზაგრების სარეიტინგო ტურნირზე ჩვენი გუნდი შემდეგი შემადგენლობით ასპარეზობდა.


57 კგ - რობერტ დინგაშვილი და ლუკა ღვინჯილია

61 კგ - გიორგი ღონიაშვილი

65 კგ - გოდერძი ძებისაშვილი და ედემ ბოლქვაძე

70 კგ - აკაკი ქემერტელიძე და გიორგი ელბაქიძე

74 კგ - გიორგი გოგრიჭიანი

79 კგ - ავთანდილ კენჭაძე

86 კგ - ვლადიმერ გამყრელიძე და ევსემ შველიძე

92 კგ - მირიან მაისურაძე და ანდრო მარგიშვილი

97 კგ - მამუკა კორძაია

125 კგ - გენო პეტრიაშვილი, სოლომონ მანაშვილი და გივი მაჭარაშვილი


აქვე გეტყვით თუ აღნიშნული გუნდიდან კიდევ ვინ მოახერხა კვარცხლბეკზე ასვლა. კიდევ ერთი მედალი ზაგრებში ევსემ შველიძემ (86 კგ) მოიგო, რომელმაც ისრაელის წარმომადგენელი დაამარცხა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. ვერცხლის მედალი მოიპოვა ანდრო  მარგიშვილმა (92 კგ). ავთანდილ კენჭაძე (79 კგ) ფინალში ირანელ მეტოქესთან  დამარცხდა და ზაგრების სარეიტინგო ტურნირზე ვერცხლის მედალს დასჯერდა. ბრინჯაოს მედალი მოიპოვა მირიან მაისურაძემ (92 კგ), რომელმაც ამერიკელი შულცი ჯუნიორი დაამარცხა.


ბრინჯაოს მედლის მოგების შანსი ჰქონდა გენო პეტრიაშვილს (125 კგ), რომელიც მცირე ტრავმის გამო შეხვედრაზე ვერ გამოცხადდა და მედლის გარეშე დარჩა.




დღეიდან, 12 იანვრიდან, ზაგრების სარეიტინგო ტურნირში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა  დაიწყეს ასპარეზობა. პირველი დღის შემდეგ, აჩიკო ბოლქვაძეს (87 კგ), რომელიც ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს, კლასიკოსების ყულაბაში პირველი მედლის ჩადების შანსი აქვს.


საქართველოს კლასიკოსების ნაკრები ხორვატიაში შემდეგი შემადგენლობით ჩავიდა:


60 კგ - ნუგზარ წურწუმია, ამირან შავაძე, ფრიდონ აბულაძე

63 კგ - ლერი აბულაძე

67 კგ - დიეგო ჩხიკვაძე, ჯონი ხეცურიანი

77 კგ - იური ლომაძე

82 კგ - თორნიკე ძამაშვილი

87 კგ - აჩიკო ბოლქვაძე

97 კგ - გიორგი ქაცანაშვილი

130 კგ - სულხან ბუიძე





ფოტო: © Sport Generation & UWW