ქართული გუნდი ფიგურულ ციგურაობაში დღითიდღე ანგარიშგასაწევი ძალა ხდება
ქართული გუნდი ფიგურულ ციგურაობაში დღითიდღე ანგარიშგასაწევი ძალა ხდება
12.01.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

კაუნასის „ჟალგირის არენაზე" მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში დღეს მედლების ერთი კომპლექტი გათამაშდა. მამაკაცთა შორის ერთეულთა თანრიგში ნიკა ეგაძე ასპარეზობდა. მოკლე პროგრამის შემდეგ, ქართველი 77.00 (39.72 / 37.28) ქულით მე-10 ადგილზე იყო და თავისუფალ პროგრამაში ბოლოს წინა ჯგუფში, გამოდიოდა. უნდა ითქვას, რომ ამ ჯგუფში გამომსვლელებს შორის სხვაობა მეათასედი ქულები იყო. ნიკა კი, იმ მოციგურავეთა შორის იყო, რომელსაც ტექნიკურად რთული პროგრამა ჰქონდა შესასრულებელი.


ეგაძე, 12 ელემენტისგან(4T,  4S+3T, 4S,  3A+2A+SEQ , FCSp Fly, StSq, 3A+1Eu+3S, 3F, 3Lz, CCoSp, ChSq, FCCoSp Fly) შემდგარი პროგრამის უნაკლოდ შესრულების შემთხვევაში, რომელიც "Moulin Rouge"-ის რამდენიმე საუნდთრექზე იყო აგებული, დიდი ალბათობით, ოთხეულში მოხვედრასაც შეძლებდა. თუმცა, ქართველმა სამი გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვა, რაც საბოლოოდ მსაჯთა შეფასებაზეც აისახა. მიუხედავად ამისა, ნიკამ ჯგუფში, რომელშიც ასპარეზობდა საუკეთესო შედეგი აჩვენა, თავისუფალ პროგრამაში 156.16 (82.33 / 73.83) ქულა  აიღო და მე-6 ადგილი დაიკავა. ორი პროგრამის ჯამში, ეგაძემ 233.16  ქულა დააგროვა და საბოლოოდ, მე-7 ადგილზე აღმოჩნდა.  




უახლოეს ხანში ჩვენ შევეცდებით ნიკას სამწვრთნელო გუნდიდან ერთ-ერთს, ეთერ თუთბერიძესაც დავუკავშირდეთ და ნიკას გამოსვლის მისეული შეფასებაც მოვისმინოთ. ქართული ციგურაობის მოყვარულებს ალბათ ემახსოვრებათ, რომ ჯერ კიდევ შარშან, ნიკას რამდენიმე შეჯიბრზე სრულიად მარტოს მოუხდა გამგზავრება. ასე, რომ 21 წლის ქართველი, რომელსაც აშკარად კარგი მონაცემები აქვს და მზარდი სპორტსმენია, მიზანმიმართული ყურადღების შემთხვევაში მალე, უფრო მაღალი შედეგებისთვის იბრძოლებს. დღეს კი, ნიკას, გამოსვლის დროს, ნერვიულობა ემჩნეოდა.


სხვათა შორის დღესვე, სპორტულ ცეკვებში დაიწყო ასპარეზობა, რომელზე დიანა დევისი (ეთერ თუთბერიძის შვილი) და გლებ სმოლნიკი ასპარეზობენ. რიტმულ ცეკვებში სტარტი 33-მა მონაწილემ აიღო, ქართული წყვილი ყინულზე მე-19 გამოვიდა და მაიკლ ჯეკსონის სიმღერების კომპოზიციაზე პროგრამა უნაკლოდ შეასრულა. უმაღლეს სისწრაფეზე და სინქრონში შესრულებულმა ელემემენტებმა (MiSt, SqTw, PSt, ChRS, RoLi Rotational Lift), საბოლოოდ ერთ-ერთი მაღალი შეფასება მიიღო და რეალურად ბოლო ჯგუფის გამოსვლამდე ქართველების ნაჩვენებ შედეგზე „სწორდებოდნენ" სხვა გამომსვლელები. საბოლოოდ, თავისუფალი პროგრამის წინ, რომელზე მონაწილეობის უფლებაც ქართულმა წყვილმა 76.33 (43.08 /33.25) ქულით მოიპოვა, ხვალ, ბოლოს წინა ჯგუფში მესამე წყვილად გამოვლენ ყინულზე. სხვათა შორის, მეოთხე-მეშვიდე ადგილებს შორის სხვაობა მეათასედი ქულებია, შესაბამისად, თუკი ხვალ, დიანა და გლები უშეცდომოდ იასპარეზებენ, დიდი შანსია, რომ საპრიზო სამეულშიც აღმოჩნდნენ.




შეგახსენებთ, რომ ხვალ სპორტული ცეკვების გარდა, ევროპის ჩემპიონატზე მედლების კომპლექტი ქალთა შორის ერთეულთა თანრიგშიც გათამაშდება, სადაც ლიდერთა ჯგუფში ანასტასია გუბანოვა (ევროპის მოქმედი ჩემპიონი) იასპარეზებს, თუმცა, ქალთა შორის ერთეულთა თანრიგში ქართული გუნდიდან პირველი ალინა ურუშაძე გამოვა ყინულზე.



ფოტო: Mindaugas Kulbis