მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ერთი საერთაშორისო სტანდარტის საციგურაო დარბაზი არ არის და ბოლო წლებშიც, ფედერაციის პრეზიდენტს, შეიძლება ითქვას, პირდაპირი მნიშვნელობით, ქართველი მოციგურავეების „მოტაცება" მოუხდა სხვადასხვა ქვეყნიდან და ამასთან, უშუალოდ ISU-ს ეგიდით გამართულ შეჯიბრებზეც, საკმაოდ ჩაკეტილ წრეში, მსაჯების სიმპათიებიც უნდა მოგვეპოვებინა, საქართველოში ფიგურული ციგურაობის ისტორიის წერა დაიწყო და ისე, „ხელწამოსაკრავები" ნაღდად აღარ ვართ, როგორც თუნდაც, 10-12 წლის წინ ვიყავით. სხვათა შორის, ლიეტუვაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე დიქტორები ქართული გუნდის წარდგენისას „ჯორჯია"-სთან ერთად „საქართველოსაც" აყოლებენ...
ერთი წლის წინ შექმნილი წყვილი, სოხუმიდან დევნილთა ოჯახში დაბადებულ ლუკა ბერულავა, ახლა მეწყვილესთან ანასტასია მეტელკინასთან ერთად, ახალ სიმაღლეებზე ადის. დღეს, კაუნასში მიმდინარე ევროპის რიგით 116-ე ჩემპიონატზე, თავისუფალ პროგრამაში ჩვენები ყინულზე ყველაზე ბოლოს გამოვიდნენ. პირდაპირი რეპორტაჟის დროს, რომელიც ISU-ს იუთუბ არხზე გადაიცემოდა, წამყვანმა რამდენჯერმე ახსენა, რომ საქართველოდან, წყვილებში, ლუკა და ანასტასია პირველები არიან, რომლებიც ფინალურ ეტაპზე, ლიდერთა ჯგუფში ასპარეზობენ და ამასთან მოკლე პროგრამის შემდეგ ლიდერები იყვნენ 71.30 (40.27 /31.03) უსწრებდნენ გერმანელ და იტალიელ წყვილებს. ბუნებრივია, უფროსების ასაკში მოასპარეზე დებიუტანტებს, რომლებსაც საბოლოოდ ცოტა დააკლდათ ისტორიულ ოქრომდე, თავისუფალ პროგრამაში, გამოსვლის დროს მცირე მღელვარება ეტყობოდათ და ეს მათ შედეგზეც აისახა 124.84 (64.73 /61.11) ქულა დააგროვეს, რაც ამ დღისთვის მე-5 შედეგი იყო, თუმცა, ქართველები, ორი პროგრამის ჯამში 196.14 ქულა დააგროვეს, 3.05 ქულით წააგეს მომავალ ჩემპიონებთან და მაინც აღმოჩნდნენ კვარცხლბეკზე. ევროპის ვიცე-ჩემპიონობასთან ერთად, ქართული ფიგურული ციგურაობის კიდევ ერთი ახალი გვერდი დაწერეს.
„ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, რომ სუფთად გვესრიალა, რაც სამწუხაროდ დღეს არ გამომივიდა. მას შემდეგ რაც სალჰოვის შესრულების შემდეგ დავეცი, საერთოდ აღარ მოველოდი, რომ მოვიგებდით. ამიტომ კმაყოფილი ვარ, პოდიუმზე მოხვედრით. მნიშვნელოვანი შეჯიბრი იყო ჩვენს პირველ სეზონში და მაინც ცოტა იმედგაცრუებულები ვართ, რომ სუფთად ვერ ვიციგურავეთ", - ამბობს მეტელკინა.
„ყველაფერმა ისე არ იმუშავა, როგორც გვინდოდა, მაგრამ ეს სპორტია და სპორტში ყოველთვის ისე არ ხდება ყველაფერი, როგორც გვინდა. ეს არის პირველი სეზონი რაც ჩვენ ერთად გამოვდივართ და ვერცხლიც მედალია. ამიტომ ჩვენ ბედნიერები ვართ. აუცილებლად ვიმუშავებთ, შეცდომებზე", - ამბობს ლუკა ბერულავა.
ხვალ, 12 იანვარს, მედლის მოგების კარგი შანის აქვს ნიკა ეგაძეს, რომელიც მორის ყვითელაშვილის შემდეგ, ვაჟთა ერთეულთა თანრიგში, ქართული კვალის დატოვებას ცდილობს და არც თუ ურიგოდ გამოდის. 25 ქვეყნის 32 სპორტსმენს შორის მოკლე პროგრამის შემდეგ ქართველი მოციგურავე 77.00 (39.72 / 37.28) ქულით ჯერჯერობით მე-10 ადგილზეა. მიუხედავად იმისა, მოახერხებს თუ არა 21 წლის ნიკა, David Bowie-სა და Ewan McGregor, Jose Feliciano, Jacek Koman კომპოზიციებზე შედგენილი თავისუფალი პროგრამის შესრულების შემდეგ, საპრიზო სამეულში მოხვედრას, „ჟალგირის არენაზე" გამართული ევროპის ჩემპიონატი მისი მომავალი კარიერისთვის, საკმაოდ დიდი გამოცდილება იქნება.
2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე ქალთა შორის მოკლე პროგრამის შემდეგ, ბელგიელი ლუნა ჰენდრიქსი ლიდერობს, რომელსაც ბოლო წლებში რეალურად, ჩვენი ნაკრების წევრი ანასტასია გუბანოვა უწევს კონკურენციას. ამჯერად, მოკლე პროგრამის შემდეგ, გუბანოვა 68.96 (37.57 /31.39) ქულით, ჯერჯერობით მხოლოდ, მესამე ადგილზეა. თავისუფალ პროგრამაში, 13 იანვარს, ნასტია Caruso (Lucio Dalla) კომპოზიციაზე შეასრულებს და ის ყინულზე სწორედ, ჰენდრიქსის წინ, 23-ე ნომრით გამოვა. ასე, რომ თუ გუბანოვა, მაღალი ქულების დაგროვებას და ბოლო გამომსვლელამდე პირველ ადგილზე მოახერხებს გასვლას, ეს ბოლო მონაწილეს, ლუნას აუცილებლად დაეტყობა ხასიათზე.
თავისუფალ პროგრამაში, მეოთხე სასტარტო ნომრით გამოვა კიდევ ერთი ქართველი მოციგურავე ქალი, ალინა ურუშაძე, რომელმაც, მოკლე პროგრამის შემდეგ 24 მოციგურავეს შორის მოხვედრა მოახერხა.
სხვათა შორის, ქალების ასპარეზობის დროს, მსაჯთა შემადგენლობაში იმუშავებს საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი საქართველოდან სალომე ჩიგოგიძე.
ევროპის ჩემპიონატზე ყინულზე ცეკვებში მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას წყვილს უნდა ეასპარეზა, თუმცა, გიორგი ჯანმრთელობის გამო, ქარულ წყვილს ევროპის ჩემპიონატის გამოტოვება უწევთ. მიუხედავად ამისა, კაუნასში, ცეკვებში ჩვენ მეორე წყვილი გვეყოლება, ხვალ, 12 იანვარს, რიტმულ ცეკვებში მე-19 სასტარტო ნომრით, დაიანა დევისი და გლებ სმოლნიკი გამოვლენ.
„ბოლო 4 წლის მანძილზე საქართველოს ფიგურული ციგურაობის ისტორიაში ბევრი გამორჩეული დღე ვიზეიმეთ ერთად", წერს სოციალურ ქსელში საქართველოს ფიგურული ციგურაობის ოფიციალური გვერდი და აქვეყნებს ჩამონათვალს: „2019 წელს, კაზაკოვა-რევიას ოქროს მედლები იუნიორთა გრან პრის ფინალში, ვერცხლი -იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატზე, 2020 წელს მორის ყვითელაშვილის ბრინჯაო ევროპის ჩემპიონატზე, 2022 წელს პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო წარმოდგენილი ყველა სახეობაში, გუნდური ასპარეზობის მონაწილეც კი. 2023 წლის ევროპის ჩემპიონი ანასტასია გუბანოვა, ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას 2023 წლის იუნიორთა შორის გრან პრის ფინალის ოქროს მედლები", აღნიშნავენ მოციგურავეები და დასძენენ, რომ ეს ყველაფერი პირველად მოხდა და მხოლოდ დასაწყისია.
ფოტო: © ISU