კრიზისი, რომელსაც დანახვა, აღიარება და გადაჭრა სჭირდება
კრიზისი, რომელსაც დანახვა, აღიარება და გადაჭრა სჭირდება
11.01.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს წყალბურთის ნაკრებში აშკარად კრიზისია და ალბათ, ამ გარემოებას, ნაკრების მესვეურები და საწყლოსნო სახეობების ფედერაცია, რაც მალე გაიაზრებს და აღიარებს, ქართული წყალბურთისთვის რომელმაც ბოლო წლებში საკმაოდ აღმავალი პერიოდი გამოიარა, უკეთესი იქნება.

ქართული გუნდი, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე მეექვსედ თამაშობდა და წინა ჩემპიონატის რეიტინგიდან გამომდინარე პირველ დივიზიონში მოხვდა (თავად მსგავსი ფორმატი ოდნავ გაუგებარია და უბრალოდ, ეჭვს ბადებს, რომ ამ გზით, საუკეთესო 8 გუნდს მიღმა დარჩენილი სხვა ნაკრების წამოწევის მცდელობაა), კვლავ რვა საუკეთესო ნაკრებში მოხვედრის შემთხვევაში მომავალ ევროზეც, პირველ დივიზიონში იასპარეზებდა, ამას გარდა, მოხვდებოდა მსოფლიო ჩემპიონატზე და ცოტა რეალობას მოკლებულია, მითუმეტეს, მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის შემხედვარე, მაგრამ მაინც ოცნების დონეზე ოლიმპიური საგზურის დაუფლების შანსიც იყო. რა მოხდა ამ დროს?


საქართველოს ნაკრებმა ჯგუფის ყველა შეხვედრა წააგო. აქედან სასტარტო თამაში ყველაზე ცუდად ჩაატარა და მიუხედავად იმისა, რომ მომდევნო თამაშებში ოდნავ გამოასწორა თამაში, დაცვით თამაშში, იმდენი პრობლემა დავინახეთ, რომ ეს კარგს არა მხოლოდ, ამ ჩემპიონატზე, მომავალ ტურნირებზეც არაფერს გვიქადის. ბუნებრივია, გაშვებული გოლი, ყოველთვის აისახება შემდეგ, შეტევით თამაშზეც და ეს, მხოლოდ ფეხბურთის პრობლემა არაა, რომელიც, განსაკუთრებით საქართველოში, „ყველას" „გაგდებული" აქვს.


კიდევ ერთი მომენტი, რომელიც პირადად ჩემი აზრით, ნაკრების დღევანდელ თამაშზე აისახა, ეს იყო გუნდში შექმნილი განწყობა, განწყობა, რომელიც როგორც ჩანს, ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ჩამოყალიბდა გუნდში და ამის შესახებ ნაკრების მესვეურებმა ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, კომენტარებშიც განაცხადეს და რომელიც მთლიანად, ლეიტმოტივად გაჰყვა ნაკრების თამაშს.


ამასთან, რუმინეთის ნაკრებიც, ცოტა არ შევაფასეთ რეალურად და შედეგად, დღევანდელ, სასიცოცხლოდ მნიშნელოვან შეხვედრაში უკვე პირველი მეოთხედის შემდეგ, რომელიც 1-5 წავაგეთ, ამასთან ჯგუფურ ეტაპზე ჩატარებული შეხვედრების გათვალისწინებით, ნათელი იყო, რომ ჩვენ ევროპის ჩემპიონატს, დუბროვნიკში დავასრულებდით.


მატჩის მიმდინარეობიდან და ანგარიშიდან 11-18 (1-5, 3-5, 2-3, 5-5) გამომდინარე, მეტი დეტალებს არ ჩავუღრმავდებით, ციფრები მატჩის საბოლოო ოქმიდან თავად მეტყველებს ყველაფერზე. იმედს ვიტოვებთ, რომ არც ეს სტატია ეწყინებათ წყალბურთელთა ოჯახში და მტრად არ გამოგვაცხადებენ. ამასთან ისიც გვჯერა, რომ მსგავსი შედეგი, ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბში ცვლილებების გასაკეთებლად, ანუ სპეციალურად არ დაგვიფიქსირებია. თუკი საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ამჟამად ხორვატიაშია, ეს ჩვენი სერბი მთავარი მწვრთნელის დიდი დამსახურებაა.


და ბოლოს, საქართველოს ნაკრები დუბროვნიკში, 9-12 ადგილებისთვის გააგრძელებს ბრძოლას და 13 იანვარს, გერმანიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.


ფოტო: (c) LEN