ხელბურთელების დებიუტი ევროპის ჩემპიონატზე და ბრძოლაში წაგებული თამაში
ხელბურთელების დებიუტი ევროპის ჩემპიონატზე და ბრძოლაში წაგებული თამაში
11.01.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ევროპის მოქმედ ჩემპიონებთან, შვედებთან საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულ ნაკრებს, 13 იანვარს მოუწევს თამაშში. მანამდე კი, ტიტე კალანდაძის გაწვრთნილმა გუნდმა, ევროპის სადებიუტო ჩემპიონატზე პირველი შეხვედრა, ნიდერლანდების ნაკრებთან გამართა, რომელსაც ჩვენგან განსხვავებით აღნიშნულ ტურნირზე ასპარეზობის კარგი გამოცდილება აქვს.




მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრა ნიდერლანდების გამარჯვებით, 34-29 (სტატისტიკა) დასრულდა, მატჩის მთელ რიგ მომენტებში ჩვენმა გუნდმა საკმაოდ კარგი თამაში აჩვენა. შეხვედრის MVP კი, 9 გატანილი გოლით გიორგი ცხოვრებაძე გახდა. სხვათა შორის, ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე, ხელბურთის ევროპული ფედერაცია, სწორედ გიორგი ცხოვრებაძეზე ამახვილებდა ყურადღებას და მისი თამაშის ნახვას, ხელბურთის გულშემატკივარს ურჩევდა.




ალბათ, ისიც უნდა ვთქვათ, რომ გატანილი გოლების მიხედვით, გატანილი გოლების რაოდენობით, მეორე ადგილზეც ჩვენი გუნდის წარმომადგენელი ერეკლე არსენაშვილი გავიდა, რომელმაც საბოლოოდ, 7 გოლი გაიტანა. სხვათა შორის, არსენაშვილმაც და ცხოვრებაძემაც, მატჩის ბოლო წუთები ტრავმის გამო გამოტოვეს. თუმცა, დიდი ალბათობით, ქართველი ხელბურთელებს სერიოზული დაშავება არ აქვთ.




შეხვედრის მიმდინარეობას თუ მივყვებით, ნიდერლანდებმა აგრესიულად დაიწყეს და 4 ბურთით დაწინაურებაც მოახერხეს. ჩვენებს, რა დასამალია და დებიუტანტისთვის დამახასიათებელი ნერვიულობა ეტყობოდათ, ვიდრე სადებიუტო ევროპაზე ერეკლე არსენაშვილმა პირველი გოლი არ გაიტანა.


ალბათ, აღსანიშნავია რომ განსაკუთრებით პირველი ტაიმის საწყისს წუთებზე, ჩვენს გუნდს, „პრობლემები" მოწინააღმდეგის მეკარემ, ბართ რავენსბერგენმა, უფრო შეუქმნა, ვიდრე მთლიანად გუნდმა. პირველ 10 წუთში, მას უკვე 5 მოგერიება ჰქონდა. ამასთან ტაიმის დასასრულს, ე.წ. „ემფთი ნეთ"-ის დროს გოლიც კი გაგვიტანა. სხვათა შორის, მეორე ტაიმში, ანალოგიური მომენტი გამოყენა, ჩვენი გუნდის მეკარემაც, დავიდ ნიქაბაძემაც, რომელმაც ზურაბ ცინცაძე შეცვალა.




აღსანიშნავია ისიც, რომ ნიდერლანდელები ახერხებდნენ ანგარიშის გაზრდა, თუმცა, საქართველოს ნაკრები თავის მხრივ მას 4 ბურთამდე ამცირებდა. პირველი ტაიმის 19-12 წავაგეთ. 19-დან ორი გოლი, ჩვენს კარში „ემფთი ნეთ"-ის დროს გავიდა. ამ მონაკვეთში საქართველოს ნაკრებიდან გატანილი გოლების ავტორები იყვნენ: ცხოვრებაძე  (4), რუსტამოვი (2), არსენიშვილი (2), ლაპიაშვილი, კბილაშვილი, დიხამინჯია, ორჯონიკიძე.


მეორე ტაიმი ასრენაშვილის გოლით დაიწყო. რომელსაც კიდევ ერთი მოჰყვა. საქართველოს ნაკრებმა, კარგად დაიწყო, თუმცა, ნიდერლანდებმა მოახერხეს, ჩვენი გუნდის დაცვით თამაშში ხარვეზის მოძებნა და ანგარიში ჯერ რვა ბურთამდე, შემდეგ კი ათ ბურთამდეც გაზარდეს. საქართველოს ნაკრებმა მოახერხა ამ უპირატესობის შემცირება და ეს ტაიმი, 15-17 მოიგო კიდეც, თუმცა, ეს მატჩის გადასარჩენად საკმარისი არ აღმოჩნდა.



საბოლოოდ ჩვენი ნაკრებიდან გატანილი გოლების ავტორების ნუსხა ასე გამოიყენება: ცხოვრებაძე (9), არსენაშვილი (7), ორჯონიკიძე (6), რუსტამოვი (3), ლაპიაშვილი, კბილაშვილი, დიხამინჯია.


დღესვე, ჩვენს ჯგუფში, კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა, რომელშიც, შვედებმა ბოსნიასა და ჰერცეგოვინას ნაკრები 29-20 ანგარიშით დაამარცხა. რა დასამალია, და დიდი ალბათობით, საქართველოს ნაკრები, სადებიუტო ჩემპიონატზე, პირველ წარმატებულ მატჩს სწორედ, ბოსნია და ჰერცეგოვინასთან, ჯგუფის ბოლო შეხვედრაში გეგმავს, ასე, რომ არაა გამორიცხული, ტრავმების თავიდან ასაცილებლად, შვედებთან თამაშში, ჩვენი ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა ცხოვრებაძე და არსენაშვილი დაასვენოს, ან მცირე სათამაშო დრო მისცეს.




ფოტოები:(с) Kolektiff images

სტატია რედაქტირებულია შვედეთისა და ბოსნია და ჰერცეგოვინას მატჩის დასრულების შემდეგ