7 დღესა და დაახლოებით 18 საათში, 19 იანვრიდან სამხრეთ კორეაში ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები ჩატარდება. ქალაქი განგვონი სპორტის 7 სახეობის 15 დისციპლინაში (ჰოკეი, ფიგურული ციგურაობა, თხილამურებით რბოლა, ბიათლონი, ციგურებით რბენა, კერლინგი, ფრისტაილი, სამთო თხილამურობა, ბობსლეი, სკელეტონი, ციგაობა, სნოუბორდი, ტრამპლინიდან ხტომა, სათხილამურო ორჭიდი და შორტ ტრეკი) მონაწილე 1900- მდე სპორტსმენს უმასპინძლებს, რომელთა შორისაც საქართველოს ექვსი წარმომადგენელი იქნება. ჩვენები, სამ სახეობაში ფიგურული ციგურაობაში, ტრამპლინიდან ხტომასა და საციგაო ტრასებზე იასპარეზებენ.
ფიგურულ ციგურაობაში ჩვენი წარმომადგენლები ინგა გურგენიძე და კონსტანტინე სუპატაშვილი იქნებიან. შეგახსენებთ, რომ ერთი წლის წინ, კონსტანტინეს ოქროს მოგებამდე ცოტა დააკლდა.
ტრამპლინიდან ხტომაში ძალებს გოგონათა შორის ესმირალდა ალიევი, ვაჟთა შორის კი, გიორგი დიაკონოვი სცდიან.
ორი წარმომადგენელი გვეყოლება საციგაო სპორტშიც, საბა ხაჩიძე და ლუკა მიქაბერიძე.
საერთო ჯამში, თამაშების დროს მედლების 81 კომპლექტი გათამაშდება და იმედს, ვიტოვებთ, რომ გარკვეული რაოდენობა ქართული გუნდის წილზეც იქნება.
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) ცნობით, ზამთრის IV ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე, ნეიტრალური სტატუსის მქონე არცერთი რუსი და ბელარუსი სპორტსმენი არ მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ, IOC-ის პრესსამსახური ავრცელებს ინფორმაციას. შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 28 მარტს IOC-ი საერთაშორისო შეჯიბრებებზე რუსი და ბელარუსი სპორტსმენების ნეიტრალური სტატუსით დაშვების რეკომენდაციით გამოვიდა, ოღონდ მხოლოდ მათი, რომლებსაც უკრაინაში მიმდინარე ომის მხარდამჭერი განცხადება არ გაუკეთებიათ და არც რაიმე კავშირში არიან შეიარაღებულ ძალებთან თუ, სამსახურებთან. ამავე რეკომენდაციაში ნათქვამია, რომ რუსი და ბელარუსი სპორტსმენები არ უნდა იყვნენ წარმოდგენილი გუნდურ სახეობებში. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ამ გადაწყვეტილების მიუხედავად, როგორც ჩანს აგრესორი ქვეყნის წარმომადგენლებმა, ვერც თამაშებზე საასპარეზო ლიცენზიების მოპოვება მოახერხეს, ვინაიდან საკვალიფიკაციო ვადა, დეკემბერში ამოიწურა.
საინტერესოა, ამ გარემოებით „გამწარებული" ქვეყნის ჰაკერები გადაწყვეტენ თუ არა კიბერ-შეტევას „მეტავერსზე", სიახლეზე რომელიც კორეელმა ორგანიზატორებმა განგვონის თამაშებისთვის საგანგებოდ შექმნეს და გაუშვეს. „მეტავერსის" საშუალებით, გულშემატკივარს მთელი მსოფლიოდან ეძლევა შანსი, იყოს ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების მონაწილე. აღნიშნული ვირტუალური სივრცე, ინტერაქტიური იქნება სტადიონებზე და საშეჯიბრო ტრასებზე ვირტუალური ტურების გარდა, გულშემატკივარს თავად შეეძლება, თამაშებზე წარმოდგენილ სახეობებში მონაწილეობა, შეჯიბრი სხვა ქომაგებთან. უფრო მეტი სიმარტივისთვის, ყველა მომსახურების მიღება კი, ექვს ენაზე (კორეული, ინგლისური, ესპანური, ფრანგული, იაპონური და ჩინური) იქნება შესაძლებელი.
სტატიაში გამოყენებულია IOC-ის ფოტო და ვიდეო-მასალა