თორნიკე შენგელია რომ კარიერის საუკეთესო სეზონს ატარებს, ეს დადასტურებული ფაქტია. საქართველოს ნაკრებისა და იტალიური ვირტუს ბოლონიას ფორვარდი მიმდინარე სეზონში ევროლიგასა და სერია A-ში ერთ-ერთი საუკეთესოა. თორნიკე გარკვეული პერიოდის მანძილზე ევროლიგაში სარგებლიანობის ინდექსით ლიდერობდა, ახლა კი მისი ეს მაჩვენებელი 20.4-ს უტოლდება და მცირედით ჩამორჩება 1-2 ადგილებზე მყოფ მაიკ ჯეიმსისა (21.6) და შეინ ლარკინის (21.6) მონაგარს.
ევროლიგის რეგულარულ ჩემპიონატში 19 ტური მიილია და უკვე გამოიკვეთნნენ მოთამაშეები, რომლებიდანაც სეზონის MVP-ის აარჩევენ. ერთ-ერთი კანდიდატი, რა თქმა უნდა, შენგელიაა, რომელმაც ამ დღეებში ჩატარებულ ევროლიგის კლუბების გენერალურ მენეჯერებს შორის ჩატარებული გამოკითხვის კატეგორიაში "სეზონის გარღვევა" - პირველი ადგილი გაინაწილა. გამოკითხვის შედეგად, თოკომ ხმების 22% მიიღო და ასეთივე მაჩვენებელი აღმოაჩნდა ბასკონიას ნიგერიელ ფორვარდ ჩიმა მონეკეს.
შენგელიას ევროლიგის უკანასკნელი 20 მატჩიდან 19-ში მინიმუმ 10 ქულა აქვს ჩაგდებული, ბოლო 16 თამაშიდან 15-ში მინიმუმ 5 მოხსნა ჰქონდა, უკანასკნელი 21 შეხვედრიდან 20-ში კი მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი მინიმუმ 12 იყო. როგორც აღვნიშნეთ, ქართველი კალათბურთელის სარგებლიანობის საშუალო ინდექსი 20.4-ს უტოლდება, რაც ლიგაში მე-3 მაჩვენებელია. თორნიკე მეშვიდეა საშუალოდ ჩაგდებული ქულებით (15.9) და მერვე - საშუალოდ მოხსნებში (6.1). მას 5 დაფარება სჭირდება, რათა ამ კომპონენტში ევრლიგაში 100-იან ნიშნულს უწიოს.
ევროლიგაშ მომდევნო მატჩს ბოლონია 10 იანვარს, სტუმრად, მაკაბისთან ჩაატარებს. ისრაელში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტის გამო მაკაბი საშინაო მატჩებს სერბეთის დედაქალაქში ატარებს. საინტერესოა, რომ პირველ წრეში ვირტუსს მაკაბი ბოლონიაში 100:90 ჰყავს დამარცხებული და მაშინ შენგელიამ სეზონისთვის სარეკორდო 27 ქულა მოაგროვა, თანაც კარიერისთვის ყველაზე მეტი 10 ორქულიანი გამოიყენა. სათქმელია ისიც, რომ 2019 წელს თორნიკემ უკვე ბასკონიას მაისურით თელ ავიველებს 6 სამქულიანი ჩაუგდო და ესეც მისი კარიერის საუკეთესო მაჩვენებელია.