ფრანც ბეკენბაუერის დაკრძალვის ცერემონია „ალიანს არენაზე“ დაიწყება
ფრანც ბეკენბაუერის დაკრძალვის ცერემონია „ალიანს არენაზე“ დაიწყება
09.01.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

„მადლობა ფრანც!", „კაიზერის ზღაპარი"... „უცაბედად ჩვენი სამყარო ისეთი აღარ არის, როგორც ადრე - დაბნელდა, გაჩუმდა და უარესი გახდა. რეკორდმაისტერი დღეს ფრანც ბეკენბაუერის სიკვდილს გლოვობს, შეუდარებელი „კაიზერის" სიკვდილს, რომლის გარეშეც „ბაიერნი" ვერასდროს გახდებოდა ის კლუბი, როგორც დღესაა"... მეორე დღეა, გერმანიის ყველაზე ტიტულოვანი კლუბის ლოგო შავ-თეთრია და ყველა პოსტი, ლეგენდარული ფრანც ბეკენბაუერის ხსოვნას ეძღვნება, რომელიც გუშინ 78 წლის ასაკში გარდაიცვალა.

„ბაიერნმა", ფრანცის საპატივცემულოდ დღეს შავი სამკლაურებით ივარჯიშა და ბეკენბაუერის საპატივცემულოდ, გადაღებულ ფოტოზე კი, ორი 5-ნომრიანი მაისური გამოფინა, რომლიდანაც ერთის ზურგზე ეწერა „მადლობა ფრანც!".




ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის საპატივცემულოდ, „ალიანს არენა" საღამოს 16:30-22:00 საათამდე განათდება წარწერით „Danke Franz", უახლოეს დღეებში. პარასკევს კი, როდესაც „ბაიერნს" საშინაო მატჩი აქვს „ჰოფენგაიმთან" (თამაში ბერლინის დროით 20:30 საათზე იწყება), სტადიონი მთელი მატჩის მსვლელობისას იქნება უკვე ხსენებული წარწერით განათებული 00:30 საათამდე.




„ბილდზე" დაყრდნობით, „დეილი მეილის" ინფორმაციით, არაა გამორიცხული „ალიანს არენაზე" ვარსკვლავთა დაკრძალვის ყველაზე მასშტაბური ცერემონია შედგეს და „კაიზერი" 75000 გულშემატკივრის გადავსებული სტადიონიდან გაასვენონ. აღნიშნულ თემაზე, გამოცემის ინფორმაციით, კარლ ჰაინც რუმენიგე, უკვე ესაუბრა „ბაიერნის" საპატიო პრეზიდენტს ული ჰენესს. დაკრძალვის ცერემონიის დეტალებზე სალაპარაკოდ კი შეხვედრა დღესაა დანიშნული.


გერმანული ფეხბურთის ლეგენდა, რომელსაც მოფლიო ჩემპიონატი როგორც ფეხბურთელს, ასევე მწვრთნელს აქვს მოგებული, გუშინ 78 წლის ასაკში, ხანგრძლივი დროის მანძილზე პარკინსონისა და დემენციის დაავადების ფონზე, გულზე ჩატარებული რამდენიმე ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა. ფრანც ბეკენბაუერს, საკლუბო დონზე მიუნჰენის „ბაიერნის" შემადგენლობაში, უეფა-ს ევროპის ჩემპიონთა თასი 1974 და 1976 წლებში აქვს მოგებული. ბუნდეს ლიგის გიგანტში კი, მას 13 წელი ჰქონდა გატარებული.





ფოტო: © FC Bayern Munich