ექვსთვიანი განშორების შემდეგ, „მეცში" დაბრუნებული გიორგი მიქაუტაძე 10-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს. ჟორჟის, ამჯერად სათამაშო ფორმით ფოტოებს, ფრანგული კლუბის სოციალური ქსელი ავრცელებს.
„როდესაც დრო მქონდა, ყოველთვის თვალს ვადევნებდი „მეცის" თამაშებს. ძალიან მიყვარს მწვრთნელთან საუბარი, რადგან მამა-შვილური დამოკიდებულება მაქვს და ბევრ რჩევას მაძლევს. გუნდში დაბრუნებული, ვთვლი, რომ ადრინდელს გავაგრძელებ. გვყავს კარგი გუნდი, კარგი მოთამაშეებით. შეგვიძლია მაღალი მიზნების დასახვაც", - ამბობს ჟორჟი, შეტყობინებაში, რომელსაც კლუბის ე.წ. „სთორი" ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, „მეცის" სოციალურ ქსელში გამოჩნდა მიქაუტაძის სტადიონზე მისვლის და გულშემატკივართან შეხვედრის ამსახველი ფოტო-მასალაც. მოგვიანებით, ფრანგული კლუბის ფანებმა კომენტარებში აღნიშნეს, რომ ეს (ჟორჟის სტადიონზე გამოჩენა) იყო ყველაზე სასიამოვნო კადრი იმ საღამოს.
ქართველის „ძველი" და „ახალი" კლუბი, 2024 წლის 14 იანვარს, პარიზის დროით, 15:00 საათზე, ქართულად ძველით ახალ წელს, საშინაო კედლებში „ტულუზას" უმასპინძლებს. იმედია, „მეცის" სამწვრთნელო შტაბი, ამ შეხვედრაში „ძველ" სახეს და კლუბის გოლეადორს უკვე ახალი გოლების გატანის შანსს მისცემს და 90 წუთით თუ არა, სათამაშო დროის გარკვეულ წუთებს მისცემს.