წლების მანძილზე საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, ბექა ბურჯანაძე, რომელიც გასულ ოთხშაბათს 30 წლის გახდა, ესპანეთის რანგით მეორე ლიგაში წარმატებით ასპარეზობს. შეგახსენებთ, რომ იგი "კორუნა ბასკეტის" ღირსებას იცავს, რომელიც EBA Gold-ში 12 მოგებითა და 4 მარცხით მე-2 ადგილზეა და ესპანეთის უმაღლეს დივიზიონში - Ligaendesa-ში გადასვლის კანდიდატია.
ბურჯანაძის გუნდმა გასულ ტურში, 5 იანვარს სტუმრად "კასტელო" 83-74 დაამარცხა. ქართველი ფორვარდი სათადარიგო იყო და მოედანზე გატარებულ 19 წუთში 7 ქულა, 2 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. მიმდინარე სეზონში, EBA Gold-ში ბურჯანაძემ 9 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ქართველი ფორვარდი მოედანზე საშუალოდ 21.3 წუთს ატარებს, რის განმავლობაშიც 7.4 ქულას, 4 მოხსნას, 1.3 პასს და 0.3 ჩაჭრას აგროვებს.
მომდევნო ტურში კორუნა "მელილას" უმასპინძლებს. მატჩი 12 იანვარს გაიმართება.