ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ როდის დაიწყება საქართველოს ეროვნული ლიგის 2024 წლის გათამაშება, თუმცა, კლუბები ახალი საფეხბურთო სეზონისთვის მზადებას იწყებენ და სატრანსფერო ცვლილებების გარდა სხვადასხვა კლუბურ სიახლეებსაც აანონსებენ.
ქუთაისის „ტორპედო" ახალი საფეხბურთო სეზონიდან ეროვნულ ჩემპიონატებში ორი გუნდით იქნება წარმოდგენილი. უფრო ზუსტად, შეიქმნა „ტორპედო 2", რომელიც ასპარეზობას რეგიონალური ლიგიდან დაიწყებს.
„ახალი სეზონიდან „ტორპედო 2" შეიქმნება, რომელიც ასპარეზობას მეხუთე ლიგიდან დაიწყებს. „ტორპედო 2"-ის საშუალებით აკადემიაში მოთამაშე ნიჭიერ ფეხბურთელებს პროფესიონალურად გაზრდის შესაძლებლობა მიეცემათ. ეტაპობრივად მთავარ გუნდში ახალგაზრდა ფეხბურთელების ინტეგრირება მოხდება.
მთავარ მწვრთნელად გიორგი გრძელიძე დაინიშნა, რომელიც მანამდე „ტორპედოს" 19-წლამდელთა გუნდს წვრთნიდა, მის ასისტენტად კი - შოთა ბაბუნაშვილი.
„ტორპედოში" დაბრუნდნენ კლუბის ვეტერანები ზურაბ იონანიძე და იურა კვერნაძე, რომლებიც თავიანთი გამოცდილებითა და პროფესიონალიზმით ჩაერთვებიან კლუბში ახალგაზრდა ფეხბურთელების სელექციასა და სკაუტინგში; ამავე მიმართულებით აკადემიის საქმიანობაში," - ნათქვამია საკლუბო განცხადებაში, რომელსაც „ტორპედოს" ფეისბუქ-გვერდი ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ ქვეყნის ჩემპიონატის სხვადასხვა ლიგებში, ორ-ორი კლუბით იყვნენ წარმოდგენილები „საბურთალო", „ლოკომოტივი", თბილისის „მერანი", მარტვილის „მერანი", „სამგურალი", „ვიტ ჯორჯია", „ვარკეთილი" ფოთის „კოლხეთი", რეგიონალურ ლიგაში მეორე გუნდები ჰყავდა „გარეჯს", „შტურმსა" და „რუსთავს". აქვე შეგახსენებთ, რომ 4 წლის წინ სწორედ რეგიონალური ლიგიდან დაიწყო ასპარეზობა „დინამო თბილისის" მეორე გუნდმა. ამასთან, ლადო კაკაშვილის გაწვრთნილმა „დინამო თბილისი 2"-მა მოიგო რეგიონალური, მე-4, მე-3 ლიგები და 2023 წლის სეზონზე ეროვნულ ლიგა 2-ში ყველაზე ახალგაზრდული გუნდით იასპარეზა და 52 ქულით მე-5 ადგილით დაასრულა სეზონი.