საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა, ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის მეორე შეხვედრაში ცოტა უკეთ ითამაშა, თუმცა, კვლავ დამარცხდა, ამჯერად უნგრეთის ნაკრებთან 11-15 (მატჩის სრული სტატისტიკა) და ჯგუფში, ბოლო ტურამდე, ბოლო ადგილზეა.
ანგარიში კი, ჯგუფის მეორე შეხვედრაში, ვასიჩის ზუსტი პენალტით გავხსენით, რომელსაც მომენტალურად, უნგრელების გოლი მოჰყვა. ამის შემდეგ, ჩვენი მოწინააღმდეგე, ანგარიშში 3-ბურთიანი სხვაობით დაწინაურდა. დეიან სტანოიევიჩის გუნდს, ემჩნეოდა რომ საწყის წუთებზე, წინა შეხვედრიდან ცოტა დაძაბულობა გადმოჰყვათ. თუმცა, პერიოდის მიწურულს ნაკრები ოდნავ ათამაშდა. დადვანმა კი, ამ ჩემპიონატზე პირველი გოლი გაიტანა. შეგახსენებთ, რომ მას იტალიელებთან შეხვედრაში არ უთამაშია. პერიოდი, უნგრელთა სასარგებლოთ 2-5 დასრულდა.
უნდა ითქვამს, რომ უნგრელებმა მთელი თამაშის მანძილზე მეტ-ნაკლებად, 4 ბურთიანი ბალანსი დაიცვეს, თუ არ ჩავთვლით მესამე მეოთხედს, რომელიც ჩვენი აზრით, ყველაზე კარგი გამოუვიდა ქართველთა ნაკრებს. სწორედ, ამ მეოთხედის მოგება მოახერხა ჩვენმა ნაკრებმა ანგარიშით, 6-4 და ბოლო მეოთხედის წინ, უნგრელებს, მხოლოდ, ორი ბურთით ჩამოვრჩებოდით, 11-13.
მეოთხედების მიხედვით თამაშის მიმდინარეობა ასე იყო: 2-5, 3-4, 6-4 და 0-2. დღევანდელ შეხვედრაში, ისევე, როგორც წინა მატჩში საქართველოს ნაკრებიდან ირაკლი რაზმაძე დაგვამახსოვრდა, რომელსაც პირველ ტაიმში, 8 „სეივი" ჰქონდა. დადვანთან ერთად, მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე დებიუტი ჰქონდა მაგრაქველიძესაც, რომელმაც 4 შესაძლებლობიდან 2 გოლი გაიტანა.
წყალბურთის ქართველი გულშემატკივარი, ალბათ, უფრო მეტს მოელის, ნიკა შუშიაშვილისგან, რომელმაც მიმდინარე პირველობაზე ჯერ გოლი არ აქვს გატანილი და ცოტა თავდაჯერება აკლია. აი, ბესარიონ ახვლედიანი კი, რომელმაც დღეს 3 მცდელობიდან 3 გაიტანა, მიმდინარე ჩემპიონატში „ხასიათს" აჩვენებს.
ალბათ, აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოს ნაკრებმა კვლავ ვერ გაარღვია ნავსი და უნგრეთთან მორიგი შეხვედრა წააგო, ამასთან კვლავ ოთხი ბურთით.
საქართველოს ნაკრებიდან გოლები გაიტანეს: ახვლედიანმა (3), დადვანმა (1), ბითაძე (1), იმნაიშვილი (1), მაგრაქველიძე (2), ვასიჩი (2), პიეშივაცი (1).
მომდევნო შეხვედრას, საქართველოს ნაკრები 8 იანვარს, 20:00, საბერძნეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.