საქართველოს ხელბურთელებმა ევროპის სადებიუტო ჩემპიონატამდე სპარინგები დაასრულეს
საქართველოს ხელბურთელებმა ევროპის სადებიუტო ჩემპიონატამდე სპარინგები დაასრულეს
05.01.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ცოტა ხნის წინ, პორტუგალიურმა გამოცემამ Zerozero-მ ის ხუთი ახალგაზრდა ხელბურთელი დაასახელა, რომელსაც რამდენიმე დღეში, ხელბურთის ევროპის ჩემპიონატზე, აუცილებლად უნდა მიაქციონ ყურადღება. ამ ხუთეულში, ერთ-ერთი გიორგი ცხოვრებაძეა, საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი მოთამაშე, რომელმაც ევროპის 2024 წლის დაწყებამდე, ჩვენი ეროვნული ნაკრების ბოლოს სპარინგი სკამზე გაატარა, კბილაშვილთან და არსენიშვილთან ერთად, თუმცა, დღევანდელი მატჩის პროტოკოლში, რომელიც საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა ქუვეითის წინააღმდეგ გამართა, ერთი გოლი მაინც წერია. ცხოვრებაძემ, მოედანზე პენალტის დასარტყამად შევიდა, დაარტყა, გაიტანა და კვლავ სათადარიგოებს შეუერთდა.

ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ბოლო ამხანაგური შეხვედრა კი, საქართველოს ნაკრებმა სლოვენიაში, ქუვეითის ნაკრების წინააღმდეგ გამართა. საკმაოდ დაძაბული პირველი ტაიმი 14-13 დასრულდა ქართველთა  სასარგებლოდ. მეორე ტაიმში კი, ჩვენებმა ოდნავ გაზარდეს უპირატესობა და საბოლოოდ, 34-30 გაიმარჯვეს. ამ შეხვედრაში, საქართველოს ნაკრებიდან გამორჩეული მირიან გავაშელიშვილი (7 გოლი) იყო, ხოლო მასთან ერთად კარგი მატჩი ჰქონდათ გუნდის კაპიტანს თეიმურაზ ორჯონიკიძეს (6 გოლი) და ხაზეინ რუსტამოვს (5 გოლი).


დღევანდელ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების მონაგარი ასეთია: ზურაბ ცინცაძე (1), მირიან გავაშელიშვილი (7), თემო ორჯონიკიძე (6), ხაზეინ რუსტამოვი (5), ზურიკო სიმონია (4), გიორგი დიხამინჯია (3), გიორგი ლაპიაშვილი (2), ზურაბ გოგავა (2), ირაკლი გოგოლაძე (2), გიორგი ცხოვრებაძე (1), ზურაბ აბრამიშვილი (1).


ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც 10 იანვრიდან გერმანიაში აიღებს სტარტს, ჩვენი ნაკრები E ჯგუფში, შვედეთის, ნიდერლანდებისა და ბოსნია და ჰერცეგოვინას ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს.


საქართველოს ნაკრების მსგავსად, ევროპის ჩემპიონატის წინა მოსამზადებელ შეხვედრებს ატარებენ ჩვენი მეტოქეებიც. დღეს შვედეთმა, რომელიც მოქმედი ევროპის ჩემპიონია წლის პირველ მატჩში ჩაატარდა და იაპონიის ნაკრები 42-30 დაამარცხა.  შვედებიდან 8-8 გოლით  ჰამპუს ვანემ და ლუკას პელასიმ გაიტანეს.


ნიდერლანდების ნაკრები Golden League-ს ფარგლებში გუშინ, ეგვიპტესთან 30-28 დამარცხდა. ჰოლანდიელები ხვალ ნორვეგიას, ხოლო ზეგ დანიას დაუპირისპირდებიან.


Yellow Cup-ზე ასპარეზობს ჩვენი კიდევ ერთი მეტოქე, ბოსნია და ჰერცეგოვინა ნაკრები, რომელიც პირველ მატჩში 32-23 დამარცხდა არგენტინასთან. დღეს, მოგვიანებით შვეიცარიას დაუპირისპირდება, ხოლო ხვალ ბოლო მატჩს რუმინეთის წინააღმდეგ გამართავს.


ფოტო: Dan Potor