ბოლოს წინა სპარინგი სადებიუტო ევრომდე
ბოლოს წინა სპარინგი სადებიუტო ევრომდე
04.01.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ხელბურთში, ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის დაწყებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. საქართველოს ვაჟ ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები კი, მოსამზადებელი ეტაპის ფინიშის სწორზეა. გერმანიაში გამგზავრებამდე, ტიტე კალანდაძის გუნდი სლოვენიაში, ორ ამხანაგურ შეხვედრის გასამართად იმყოფება. აქედან, ჩვენმა გუნდმა დღეს, პირველი სპარინგი გამართა და საუდის არაბეთის ნაკრებს 5 ბურთით, ანგარიშით 31-26 მოუგო. ქართველმა ხელბურთელებმა პირველ ტაიმშიც 16-12 გაიმარჯვეს და შესაბამისად, უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვეს.

საქართველოს ნაკრებიდან გამორჩეული იყო გუნდის კაპიტანი თეიმურაზ ორჯონიკიძე (5 გოლი), აღსანიშნავია ასევე გიორგი დიხამინჯიას შესანიშნავი მატჩი, რომელმაც მეტოქეს 6 გოლი გაუტანა.


საქართველოს ნაკრებიდან გოლები ზურაბ ცინცაძემ (1), გიორგი დიხამინჯიამ (6), თეიმურაზ ორჯონიკიძემ (5), ერეკლე არსენაშვილმ (3), ირაკლი კბილაშვილმა (2), გიორგი ლაპიაშვილმა (2), ზურაბ გოგავამ (2), ზურაბ აბრამიშვილმა  (2), გიორგი არეშიძემ (2), სანდრო დარსანიამ (2), გიორგი ცხოვრებაძემ (1), ზურიკო სიმონიამ (1) და ირაკლი გოგოლაძემ (1) გაიტანეს.


ხელბურთის მოყვარულებს გემახსოვრებათ, რომ რუმინეთში, ჯანმრთელობის გამო „კარპატის თასის" ფინალური შეხვედრა, რამდენიმე დღის წინ, გიორგი ცხოვრებაძემ და თეიმურაზ ორჯონიკიძემ გამოტოვეს, თუმცა, დღეს ორივე ხელბურთელმა მიიღო მატჩში მონაწილეობა.


საქართველოს ხელბურთის ფედერაციის ცნობით, ხვალ ევროპის ჩემპიონატამდე ბოლო მოსამზადებელ შეხვედრას ქუვეითის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.


ფოტო: © Dan Potor