ქართველმა წყალბურთელებმა ევროპის ჩემპიონატი მარცხით დაიწყეს
ქართველმა წყალბურთელებმა ევროპის ჩემპიონატი მარცხით დაიწყეს
04.01.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს წყალბურთის ეროვნულ ნაკრებს ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის სასტარტო მატჩში შეეძლო ანგარიშის გახსნა. ჩვენებს, იტალიის ნაკრების წინააღმდეგ გოლის გატანის შანსი, შეხვედრის საწყის წუთებზე, რიცხობრივი უპირატესობის დროს ჰქონდათ, თუმცა, ვერ გამოვიყენეთ. საქართველოს ნაკრებიდან კი, პირველი ირაკლი რაზმაძემ გამოიჩინა თავი, ურთულესი „სეივით". საერთოდ, ამ შეხვედრაში მიუხედავად  დიდი ანგარიშსა, მეკარეების დამსახურებით, იტალიის ნაკრებმა, მხოლოდ 22 გოლი გაგვიტანა. ევროპის ჩემპიონატის პირველი ჯგუფური შეხვედრა 5-22 წავაგეთ (მატჩის სრული სტატისტიკა).

0-5, 2-6, 0-6, 3-5 ეს არის საქართველოსა და იტალიის ნაკრებების დაპირისპირების ანგარიში პერიოდების მიხედვით. სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრებმა საკმაოდ ბევრი შეცდომა დაუშვა დაცვაში და შეტევაშიც ვერ დაიკვეხნიდა სიზუსტით. ალბათ, ამ მატჩის ხასიათზე ისიც მეტყველებს, რომ არასრულ პირველ ტაიმში, ჩვენი ნაკრების კარში 5 პენალტი დაინიშნა და იტალიელებმა ყველა გამოიყენეს.


ის, რომ იტალია მარტო არ იყო წყალში, დუშან ვასიჩის გოლმა შეგვახსენა მეორე ტაიმის დასაწყისში. თუმცა, იტალიელებმა სტატუს-კვო ეგრევე აღადგინეს. ჩვენი ნაკრების მიერ გატანილი 5 გოლიდან ალბათ, პიეშივაცის მეორე გოლს გამოვარჩევდით, სირთულისა და ეფექტურობის მიხედვით. საქართველოს ნაკრებიდან გოლები ვასიჩმა, პიეშივაცმა (2), ახვლედიანმა და  ბითაძემ გაიტანეს. იტალიელთა შორის კი, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კარში მასზე მეტი რაოდენობის გოლი სხვებმა გაიტანეს, ჩემპიონატის ორგანიზატორებმა, ჯაკომო კანელა გამოარჩიეს.


ქართველი წყალბურთელები I დივიზიონის B ჯგუფის  მომდევნო მატჩს, უნგრეთის ნაკრების წინააღმდეგ 6 იანვარს,  20:00 საათზე გამართავენ. თავის მხრივ დღეს, უნგრეთის ნაკრები, საბერძნეთთან 8-10 დამარცხდა. აქვე შეგახსენებთ, რომ ჯგუფიდან ევროპის ჩემპიონატის მომდევნო ეტაპზე,  2-2 საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი გადის. 3-4 ადგილზე გასული გუნდები კი, B დივიზიონის, პირველ ორ საუკეთესო გუნდთან ფლეი-აუთში შეხვდებიან ერთმანეთს.



ფოტო: LEN