სერბი ალეკსანდრ ჯიკიჩი, მინიმუმ მომავალ შესარჩევ ციკლში საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ნაკრებს გაწვრთნის. 52 წლის სპეციალისტმა, ბერძენი ილიას ზუროსი შეცვალა და ახლა, იგორ კოკოშკოვისა და ზუროსის ჩაყრილ ფუნდამენტზე, შეეცდება ქართული სანაკრებო კალათბურთი კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანოს.
2023 წლის ბოლოს, ჯიკიჩის საქართველოს ეროვნულ ნაკრებში დანიშვნა უფრო აქტუალური გახდა და კულუარებშიც დასახელდა მიზეზიც, ისრაელის „ჰაპოელს" არ უნდოდა მათი გუნდის მთავარი მწვრთნელის გამოშვება. ჩვენთან საუბარში არც საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები უარყოფდნენ, რომ უცხოელ სპეციალისტთან მოლაპარაკება თითქმის დასრულებული იყო. თუმცა, მიზეზთა გამო, დროებით მისი ვინაობის ოფიციალურად გამხელისგან თავს იკავებდნენ. ერთადერთი რაზეც, TSFF.Ge-სთან საუბრისას დეკემბრის ბოლოს ვიქტორ სანიკიძემ გაუსვა ხაზი, იყო ნატურალიზებული ლეგიონერი, კონკრეტულად ქართული მხარის მიერ შერჩეული სამი კანდიდატი, რომელთა შორისაც საუკეთესო, სწორედ ნაკრების ახალ მწვრთნელს უნდა შეერჩია. თუ ვერა და თად მაკფადენი აქ არ გვყავსო.
ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ როდის ჩამოვა სერბი სპეციალისტი საქართველოში მედიასთან საპრეზენტაციოდ, თუმცა, დანამდვილებით ცნობილია, რომ ის, თებერვლის მატჩებამდე, შეკრებაზე აუცილებლად იმუშავებს გუნდთან ერთად თბილისში. შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ, მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩენილი საქართველოს ნაკრები, პირველად, 2024 წლის თებერვლის შუა რიცხვებში შეიკრიბება და 2025 წლის „ევრობასკეტის" შესარჩევი ტურნირის მატჩებისთვის დაიწყებს მზადებას, თამაშები კი, ჩვენს გუნდს 23 თებერვალს გასვლაზე, ნესტვედში, დანიასთან და 26-ში თბილისში, აქვს, ჯიკიჩის მშობლიურ სერბეთის ნაკრებთან.
ფედერაციის ოფიცილური ინფორმაციით, „კონტრაქტი მომავალი, 2025 წლის ევრობასკეტის ციკლზეა მორგებული: მოიცავს მის საკვალიფიკაციო ტურნირს და რაღა თქმა უნდა, ევრობასკეტის ფინალურ ეტაპს. 2025 წლის შემოდგომაზე მხარეები კონტრაქტის გაგრძელების საკითხს განიხილავენ და გადაწყვეტილებას ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მიღებენ".
ეროვნულ ნაკრებში, ჯიკიჩს ანატოლი ბოისა და მანუჩარ მარკოიშვილი დაეხმარებიან.
საქართველოს ნაკრების ახალი მწვრთნელის საკლუბო სამწვრთნელო კარიერიდან ალბათ, აღსანიშნავია რომ სერბი სპეციალისტი სხვადასხვა წლებში წვრთნიდა ლიეტუვოს „რიტასს", სერბულ „პარტიზანს", მონტენეგროს „ბუდუჩნოსტს", ესპანურ „ესტუდიანტესს" და ისრაელის „ჰაპოელს". ამ უკანასკნელმა 2022-23 წლების ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა. სხვათა შორის, იგორ კოკოშკოვის შემდეგ, ჯიკიჩი გახდა მეორე ევროპელი მწვრთნელი, რომელმაც ნბა-ს მთავარი მწვრთნელის ასისტენტის პოზიცია დაიკავა.
რაც შეეხება სანაკრებო სამწვრთნელო გზას, 2014-15 წლებში ჯიკიჩს ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო, ხოლო 2011 წლის ევროპის ჩემპიონატზე წვრთნინდა სერბეთის 20-წლამდელთა ნაკრებს.