ხვალიდან საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე დაიწყებს ასპარეზობას. განსხვავებით ხელბურთელთაგან, რომლებიც 11 იანვრიდან სადებიუტო ევროზე იასპარეზებენ, ეს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრებისთვის ზედიზედ მე-6 ევროპის ჩემპიონატი იქნება.
საწყლოსნო ფედერაციის ცნობით, ტურნირი 4-16 იანვარს ხორვატიაში, ზაგრებსა და დუბროვნიკში გაიმართება და ახალი ფორმატით ჩატარდება. ევროპის 2024 წლის ჩემპიონატში მონაწილეობას 16 ნაკრები მიიღებს, რომლებიც გასული ევროპირველობის შედეგების მიხედვით შეირჩა და ორ დივიზიონში გადანაწილდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრები, რომელიც LEN ევროპის რეიტინგში, 14300 ქულით მე-9 პოზიციაზეა ევროპის ჩემპიონატზე ხორვატიასთან, უნგრეთთან, ესპანეთთან, იტალიასთან, საბერძნეთთან, საფრანგეთთანა და მონტენეგროსთან ერთად I დივიზიონში მოხვდა. მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე ლაივ-რეიტინგში, სერბეთი საქართველოზე წინ არის, ევროპის ჩემპიონატის დივიზიონების დაკომპლექტებისას მხედველობაში ევროპის ბოლო ჩემპიონატზე ნაჩვენები შედეგებით იხელმძღვანელეს, სადაც საქართველოს ნაკრები მე-8, სერბეთი კი, მე-9 ადგილზე გავიდნენ. შესაბამისად, ჩვენზე მეტად გამოცდილი და ავტორიტეტული სერბეთის ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე II დივიზიონში იასპარეზებს ნიდერლანდების გერმანიის, რუმინეთის, ისრაელის, მალტას, სლოვაკეთისა და სლოვენიის ნაკრებებთან ერთად.
კონკრეტულად I დივიზიონი კი თავის მხრივ ორ A და B ჯგუფებად არის დაკომპლექტებული. ჩვენი ეროვნული, B ჯგუფში იტალიის, უნგრეთისა და საბერძნეთის ნაკრებებთან ერთად მოხვდა. სასტარტო შეხვედრას ჩვენები ხვალ 4 იანვარს იტალიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებენ.
6 იანვარს, ჯგუფის მეორე შეხვედრაში უნგრეთს დაუპირისპირდებიან, ხოლო ბოლო თამაშს 8 იანვარს, საბერძნეთის წინააღმდეგ ჩაატარებენ.
მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ორგანიზატორებმა საქართველოს ნაკრები შემდეგი 15-კაციანი შემადგენლობით დაარეგისტრირეს: სანდრო ადეიშვილი, ბესარიონ ახვლედიანი, ანდრია ბითაძე, ვალიკო დადვანი, არტიომ დიხწიაიარენკა, გიორგი გვეტაძე, რევაზ იმნაიშვილი, ხვიჩა ჯახაია, მარკო ელაჩა, ბექა კაპანაძე, გიორგი მაგრაქველიძე, სტეფან პიეშივაცი, ირაკლი რაზმაძე, ივან სარიჩი, ნიკა შუშიაშვილი, საბა ცხელაშვილი, ბორის ვაპენსკი და დუშან ვასიჩი.
ფოტო: © არქივი / საქართველოს საწყლოსნო სახეობათა ფედერაცია