ხელბურთელთა ნაკრები ბოლო მოსამზადებელ სპარინგებს სლოვენიაში გამართავს
ხელბურთელთა ნაკრები ბოლო მოსამზადებელ სპარინგებს სლოვენიაში გამართავს
02.01.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები დღეს სლოვენიაში გაემგზავრება, სადაც ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის დაწყებამდე, მოსამზადებელი ეტაპის ბოლო შეხვედრებს ჩაატარებს.

ჩვენი ნაკრები 3 და 6 იანვარს სლოვენიაში ჯერ საუდის არაბეთის, ხოლო შემდეგ, ქუვეითის ნაკრებებს დაუპირისპირდება. მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებმა, სადებიუტო ევროპის ჩემპიონატის მზადების ციკლში, 2023 წლის დეკემბრის ბოლოს რუმინეთში, „კარპატის თასზე" მიიღო მონაწილეობა და ფინალში 6-ბურთიანი სხვაობით დამარცხდა. ტურნირის საუკეთესო დამცველი მირიან გავაშელიშვილი გახდა. იმ მატჩში, ჯანმრთელობის გამო ჩვენს ნაკრებს oრი წამყვანი მოთამაშის, გიორგი ცხოვრებაძე და თეიმურაზ ორჯონიკიძე აკლდნენ. ჩვენი ინფორმაციით, ხელბურთელები ამჯერადაც ნაკრებთან ერთად იმყოფებიან, თუმცა, უცნობია, მიიღებენ თუ არა მონაწილეობას დაგეგმილ სპარინგებში. აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ტრავმის გამო ნიკოლოზ კალანდაძე ვერ ეხმარება.


ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის პირველ ჯგუფურ შეხვედრას კი, ტიტე კალანდაძის გაწვრთნილი ნაკრები ქალაქ მანჰეიმში, Sap Arena-ზე გაიმართავს და ადგილობრივი, გერმანული დროით 18:00 ნიდერლანდებს დაუპირისპირდება.


მომდევნო მატჩს, საქართველოს ნაკრები 13 იანვარს, შვედეთის, 15 იანვარს კი ბოსნია და ჰერცეგოვინას წინააღმდეგ გამართავს.


სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები მაკრონის ფორმით იასპარეზებს.


ევროპის ჩემპიონატს, რომელსაც გერმანიის 6 ქალაქი დიუსელდორფი, კიოლნი, ბერლინი, ჰამბურგი, მანჰეიმი, მიუნხენი უმასპინძლებს, 3 დებიუტანტი ეყოლება. ერთ-ერთი საქართველოა, რომელიც ფინალურ ეტაპზე ისევე როგორც ფარერის კუნძულები და საბერძნეთი, მესამე ადგილით გავიდა. აქვე გეტყვით რომ 6 ჯგუფიდან, სადაც 24 გუნდი გადანაწილდა, ფლეი-ოფში I-II ადგილზე გასული ნაკრებები გავლენ და შესაბამისად ჩემპიონობისთვისაც ისინი იბრძოლებენ. EHF EURO 2024-ის გახსნითი თამაშები დიუსელდორფში შედგება, ხოლო ფინალს კიოლნის Lanxess Arena უმასპინძლებს.


ჯერ სლოვენიაში და შემდეგ ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრების შემადგენლობა ასეთია: მეკარეები: ზურაბ ცინცაძე (#12 / Azoty Pulawy, პოლონეთი), გიგი რუხაძე (#16 / Kutaisi 2015, საქართველო),  დავით ნიქაბაძე (#87 /  SGAU-Saratov); ხაზის მოთამაშეები: ერეკლე არსენაშვილი (#18 / CB Puente Genil, ესპანეთი), გიორგი ლაპიაშვილი (#3 / BSB Batumi, საქართველო); მარცხენა უკანახაზელები:  ზურაბ გოგავა (#24 / LHC Cottbus, გერმანია), თეიმურაზ ორჯონიკიძე (#14 / GRK Ohrid, ჩრდ. მაკედონია), ზურიკო სიმონია (#94 / Kutaisi 2015, საქართველო); მარცხენა გარემარბები: ხაზეინ რუსტამოვი (#7 / MRK Iskra Bugojno, ბოსნია და ჰერცეგოვინა), ზურაბ აბრამიშვილი (#30 /  BSB Batumi, საქართველო); მარჯვენა გარემარბები: გიორგი დიხამინჯია (#71 / HK Lovosice, ჩეხეთის რესკუბლიკა), ირაკლი გოგოლაძე (#15 /  BSB Batumi, საქართველო); მარჯვენა უკანახაზელები: გიორგი ცხოვრებაძე (#11 / VfL Gummersbach, გერმანია), სანდრო დარსანია (#21 / OS Belenenses, პორტუგალია); ცენტრალური უკანახაზელი: ირაკლი კბილაშვილი (#10 / AHC Potaissa Turda, რუმინეთი), გიორგი არეშიძე (#9 / STU-Pegasi, საქართველო),მირიან გავაშელიშვილი  (#34 / RK Metaloplastika Sabac, სერბეთი).